logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: 10 წელი გავიდა... ნანობენ, რატომ ბოლომდე არ ჩაგხოცეთო
- +

7 მაისი. 2019. 01:27

 

 

„საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე 2009 წლის 6 მაისის მოვლენების ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:

 

„6 მაისი, 2009 წელი. დარბევა პოლიციის სამმართველოსთან. 10 წელი გასულა... არადა ამბობენ-დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ეჭვი მეპარება. უსამართლობით განცდილ სულიერ ტკივილს მხოლოდ მოძალადის გულწრფელი მონანიება და მიტევების სურვილი კურნავს.

 

გავიდა 10 წელი. ნანობს ვინმე? შენც არ მომიკვდე... თუმცა, მოიცა, კი ნანობენ, ნამდვილად, მაგრამ იცით რას? „რატომ ბოლომდე არ ჩაგხოცეთ“ - აი, ამას...

 

სიტყვას ჯადოსნური და სასწაულებრივი ძალა აქვს, მაგრამ სად არის ეს სიტყვა - „მომიტევე, ჩემო სისხლო და ხორცო, მომიტევე, რომ არაფრის გამო დიდი ტკივილი მოგაყენე, მომიტევე დევნისთვის, თვალთვალისთვის, ციხეში წამებისთვის, სიკვდილისათვის, წამებისთვის, ქონების წართმევისთვის, სამშობლოდან იძულებით ემიგრაციაში გაშვებისათვის..."

 

ამიტომ მახსენდება მათეს სახარების მეშვიდე თავი: ...ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: „ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ“.

 

დიახ, სინანულის გარეშე მოძალადისთვის მიტევება - ამ უდიდესი მადლის ბოძება სწორედ ღორებისთვის დაყრილი თვალმარგალიტის ტოლფასია, რომელიც კვლავ შენს დაფლეთვას ცდილობს...

 

როგორ მოვიქცეთ?

 

რა არგუმენტი დავუპირისპირო მოძალადე რეჟიმის ცნობილ კლიშეს: „ახლა სულ წარსულზე უნდა ილაპარაკოთ?"

 

არა, მე ნამდვილად არ ვსაუბრობ წარსულზე. მე ვსაუბრობ მოუშუშებელ იარაზე, რომელიც დღესაც მტკივა და ეს ტკივილი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დაისჯება მოძალადე, ან (და) გულწრფელად არ მოიხდის ბოდიშს.

 

სიტყვა „ბოდიშიც“ არ არის საჭირო. ჩვენ, კაცები ხანდახან ამ სიტყვის თქმის გარეშეც ვახერხებთ შერიგებას და ურთიერთპატიებას თვალებში ერთი ჩახედვით", - წერს ოგბაიძე.

 

2009 წლის 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას და შსს-ში აღლუმის ჩატარებას მაშინდელი საპროტესტო აქციით გამოეხმაურა.

 

იმ დროს, როცა შსს-ს სიახლოვეს პოლიციის აღლუმი იმართებოდა, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, ე. წ. უცნობმა, „ეროვნული საბჭოსა“ და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ მოწყობილ საინფორმაციო მიტინგზე „ფიცი დადო“, რომ 6 მაისი საქართველოში არასოდეს იქნება პოლიციის დღე.

 

„ვდებ ფიცს, რომ ეს დღე არასოდეს იქნება პოლიციის დღე. დღეს არის გიორგობა და გილოცავთ ამ დღეს სულით და გულით“, - მიმართა „უცნობმა“ პოლიციის ქვედანაყოფებსა და სპეცრაზმს, რომლებიც მოშორებით იდგნენ. მან, ასევე, განაცხადა, რომ აღმოაჩინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისასვლელი პატარა გზა და მოუწოდა მხარდამჭერებს, ამ გზით მისულიყვნენ შენობასთან, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ნიკა ავალიანისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, პოლიციამ საპროტესტო მოძრაობის სამი აქტივისტი დააპატიმრა - მელორ ვაჩნაძე, გიორგი ონიანი და რევაზ რევაზიშვილი.

 

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები დაკავებულებს ფიზიკურად და მორალურად შეურაცხყოფდნენ. მომიტინგეები გია გაჩეჩილაძესთან ერთად დაკავებულების დასაცავად დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან წავიდნენ. გაჩეჩილაძემ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება მოითხოვა. შემდეგ იგი ეზოს ღობეზე გადავიდა და პოლიციის შენობაში წერილობითი მიმართვის შეტანა სცადა. ამან დიდი არეულობა გამოიწვია. შეკრებილი ადამიანების ერთი ნაწილი გისოსებს მიაწვა, ზოგმა გადაძრომაც დააპირა.

 

დაპირისპირების დროს, ათობით ადამიანი დაშავდა.

 

6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცავების მიერ უკანონო იარაღის გამოყენებაზე ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის ანგარიშშიც. კერძოდ, მიტინგის დარბევისას გამოყენებული იყო რეზინის და პლასტმასის ტყვიები, რის შედეგადაც მომიტინგეებმა ძლიერი დაზიანებები მიიღეს. ერთ-ერთმა მათგანმა თვალიც კი დაკარგა.

 

სახალხო დამცველის გიორგი ტუღუში თქმით, ამ ტყვიების გამოყენება მაშინ კანონსაწინააღმდეგო იყო. არალეტალური იარაღის – რეზინისა და პლასტმასის ტყვიების გამოყენება მხოლოდ 17 ივლისს „პოლიციის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებით დაკანონდა.

 

ეს ანგარიში მაშინდელ პარლამენტს არ განუხილავს და არც ვინმეს პასუხისმგებლობა დამდგარა. ამ საქმის დეტალები დღემდე გამოუძიებელია და დამნაშავეებიც დაუსჯელები არიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner