logo_geo
eng_logo
„აუცილებლად გვამები უნდა გენახათ? ამას ელოდებით?!“ – სოსო გოგაშვილის შვილი მიმართვას ავრცელებს
- +

8 მაისი. 2019. 19:57

სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნინი გოგაშვილი მიმართვას ავრცელებს:

 

„გამწარებულ მამას ეპატიება“ – ამას ვინც ამბობთ, თქვენ ხართ არაადამიანები, არ გიყვართ თქვენი ოჯახი, არ გიყვართ თქვენი შვილები და თქვენ ხართ ტერორისტის თანამოაზრე, ვინც ასე ფიქრობთ! საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა ეს ტერორისტული აქტი, რომ განეხორციელებინა „გამწარებულ მამას თავისი ფიქრები“ და რომ მოვმკვდარიყავით ამდენი ადამიანი, მერე რას იტყოდით თქვე უგულო „ადამიანებო“? თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები წარმოიდგინეთ ჩვენ ადგილას, მაინც აპატიებდით? – თუ აუცილებლად გვამები უნდა გენახათ, ამას ელოდებით?“– წერს ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: –  „ბევრს არ შეუძლია თანადგომა, აქ ხომ საუბარი აღარ არის პოლიტიკურ შეხედულებებზე და განსხვავებულ აზრზე, აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი, რაზეც ყველა ერთ აზრზე უნდა იყოს, რომ ტერორისტი არის დამნაშავე და ყველა მისი თანამონაწილე“.

 

მანამდე კი ნინი გოგაშვილმა კონკრეტულად იმ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დაწერა პოსტი, რომლის მიხედვითაც, სუს-ის მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

 

„როგორ შეიძლება ამ ყველაფერს ემოციის გარეშე ისმენდე და არ ნადგურდებოდე?! – ასე გეგმავდა ეს ტერორისტი ჩვენს ამოხოცვას, როგორც იგი ეუბნება თავის ძმისშვილს! ეტყობა, დიდი ხანი გეგმავდა ამ ყველაფერს, დეტალებში აქვს აღწერილი ყველაფერი, ამაზე მეტი მტკიცებულება აღარ არის საჭირო იმისთვის, რომ დაიჭირონ სანამ ამოგვხოცა ყველა! დღეს ჩემი ოჯახია საფრთხის წინაშე, ხვალ შეიძლება თითოეული თქვენგანის ოჯახი აღმოჩნდეს მათი სამიზნე!“ – დაწერა ნინი გოგაშვილმა.

 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, უწყებამ გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

 

უწყების ცნობით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა.

 

სუს-ის ცნობით,  ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.

 

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, ამ დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, საქმის სავარაუდო ფიგურანტების, მჭიდრო ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანის პარალელურად, გატარდა პრევენციული ხასიათის სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, რათა ეს უკანასკნელი ჩამოშორებულიყო ყველა სხვა საქმიანობას და ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე – იოსებ გოგაშვილზე. მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს“, – აცხადებენ სუს-ში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×