logo_geo
eng_logo
„112“-ის ყოველთვიური საფასური 40 თეთრი გახდა
- +

1 იანვარი. 2020. 21:00

 

 

დღეიდან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ყოველთვიური საფასური 40 თეთრი იქნება. ახალი ტარიფი მთავრობის განკარგულებით დადგინდა. საფასური მოქმედებს როგორც ფიქსირებული, ისე მობილური სააბონენტო ნომრებისთვის.

მობილურის შემთხვევაში, საფასური დაირიცხება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.

ფიქსირებულის შემთხვევაში, საფასური ამოქმედდება ნომერზე, რომელსაც ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული, ან არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

​შეგახსენებთ, რომ 112-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის 20, იურიდიული პირებისთვის კი 50 თეთრი იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსაკრებელი არაკონსტიტუციურად ცნო და მიუთითა, რომ ის პარლამენტს უნდა დაედგინა. დეკემბერში კი საკანონმდებლო ორგანომ შესაბამისი კანონი მიიღო და დაადგინა, რომ მომსახურების საფასური 20-დან 50 თეთრამდე უნდა იყოს. სწორედ ამის შემდეგ საფასური მთავრობამ, 40 თეთრის ოდენობით განსაზღვრა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner