logo_geo
eng_logo
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს ხელი მოეწერა
- +

14 ოქტომბერი. 2016. 17:28



საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ქ. სარაევოში „ენერგეტიკული გაერთიანების" ფარგლებში მიმდინარე  მინისტრთა საბჭოს შეხვედრას ესწრება. აღნიშნული საბჭოს ფარგლებში ხელი ეწერება „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმს".  შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ,  საქართველო  „ენერგეტიკული გაერთიანების"  ოფიციალური და სრულუფლებიანი  წევრი გახდება. 

„ენერგეტიკულ გაერთიანებაში" საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობს. ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ ხელშეკრულების" დათქმის შესაბამისად საქართველომ ევროკომისიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლიდან დაიწყო. ბოლო რაუნდი მიმდინარე წლის მაისის თვეში გაიმართა, რომელიც ნაყოფიერად დასრულდა და მხარეები შეჯერდნენ საერთო პოზიციებზე.


„ენერგეტიკულ გაერთიანებაში" საქართველოს გაწევრიანებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროპულ ოჯახთან დაახლოებისათვის და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის. საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა შექმნას  ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი  ენერგეტიკული სექტორი,  განავითაროს კონკურენტული ბაზარი, გააუმჯობესოს  საინვესტიციო გარემო, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი, და ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტურობას. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოსდაცვისა და სტატისტიკის მიმართულებებიც და საქართველო ამ მხრივაც იმუშავებს ევროპული გამოცდილებისა და მიღწევების დანერგვის თვალსაზრისით.


 

right_banner
არქივი
right_banner