logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ დაწყებითი ბიზნესებისა და იდეების მხარდაჭერას
- +

28 ოქტომბერი. 2016. 15:25



პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პროექტ  „სტარტაპ მეგობრულის" პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოვიდა. პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა და „თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ.


პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „სტარტაპ მეგობრული" საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენს. მისი თქმით, მხარდაჭერა დაწყებით ბიზნესსა და იდეებს ნამდვილად სჭირდება.  დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქვეყანა მიუერთდა ევროკავშირის პროგრამას „ჰორიზონტი 2020", რომლითაც მოგვეცა შესაძლებლობა ისეთ ფონდთან წვდომისა, როგორიცაა „ინოფრინი". ესაა 24 მლრდ. ევროს ფონდი, რომელიც ინოვაციების დაფინანსების საშუალებას იძლევა.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბანკები, ფინანსური და  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები მიმართავენ აღნიშნულ ფონდს და თანხებს მოიზიდავენ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო აქტიურად მუშაობს ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 8 სამრეწველო ლაბორატორია გაიხსნა. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზუგდიდში მცირე ხნის წინ გახსნილ ტექნოპარკზე, რომელიც ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში განთავსდა და ამით დახურული სივრცე ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის გაიხსნა.

 

„ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამას „ინოვაციების  ცენტრები და მინი ტექნოპარკები".  ადგილობრივი ბიბლიოთეკების ბაზაზე მომდევნო წელს არაერთი მინი ტექნოპარკი თუ ინოვაციების ცენტრი გაიხსნება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


თავის გამოსვლაში, პირველი ვიცე-პრემიერი ასევე შეეხო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომლის განხორციელების შემდეგაც საქართველოში, პრაქტიკულად, აღარ დარჩება დასახლებული პუნქტი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გარეშე. მისი თქმით, ყველა ადამიანს, იცხოვრებს თბილისსა თუ რეგიონში, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან  ერთნაირი წვდომა ექნება.


დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელთა მიზანსაც აღნიშნული რეფორმის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამუშავდა კანონი  ინოვაციების შესახებ. იგი პირველი საბაზისო საკანონმდებლო დოკუმენტი, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების ხელშეწყობა წარმოადგენს.


„ასევე ვგეგმავთ მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებს დამწყები ბიზნესებისთვის, რომელიც გაუმარტივებს მათ წვდომას ინვესტიციებთან. იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოში კერძო სექტორის მიერ სახალხო დაფინანსების (ქრაუდფანდინგის) სისტემის შექმნის წახალისთებისთვის, რაც სტარტაპებს დაეხმარება მოიზიდოს საწყისი ინვესტიცია ხალხისგან საკუთარი სტარტაპის განსავითარებლად", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


მისი თქმით, ასევე იგეგმება ცვლილებები ქართული ვენჩურული საინვესტიციო ფონდების შექმნისათვის და მასში უცხოული ინვესტორების ჩართულობის წახალისებისათვის. ასევე დაგეგმილია ტექნოლოგიების გადაცემის ეკოსისტემის შექმნა ეროვნული მასშტაბით, რომელიც უზრუნველყოფს გამართული პროცესს იმისათვის, რომ ქართულ სტარტაპებს და დიდ კომპანიებსაც ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი კომპანიის განვითარებისთვის გამოიყენონ უახლოესი მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები და გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო მასშტაბით.


თავის გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა „თიბისი ბანკს" მხარდაჭერისთვის.


„მე ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე ჩვენ ძალიან ბევრი კომპანია გვეყოლება, რომლებიც „სტარტაპ მეგობრულში" ჩაერთვება", - განაცხადა  დიმიტრი ქუმსიშვილმა და მოუწოდა საქართველოს საქმიან წრეებში აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა.

 

„ყველამ ერთად, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ვინც ფეხზე დადგა და შეუძლია სხვას ხელი შეუწყოს, კარი გაუხსნას ახალ იდეებს. კარი გაუხსნას და ცოტა უფრო განსაკუთრებით მოექცეს დაწყებით ბიზნესს, სტარტაპს, ახალ იდეას იმისათვის, რომ მათ მეტი და მეტი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 


„სტარტაპ მეგობრულის" პრეზენტაციას ის კომპანიები და ფიზიკური პირები დაესწრნენ, რომლებიც სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს" პირველ ფაზაში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ. 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×