logo_geo
eng_logo
„სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა
- +

28 დეკემბერი. 2016. 23:49



საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში კიდევ ცხრა გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში დაფინანსდება. პროგრამა საპარტნიორო ფონდის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად ხორციელდება და მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.


 „სტარტაპ საქართველოს" მორიგ გამარჯვებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე, საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და „სტარტაპ საქართველოს" ბენეფიციარები დაესწრნენ.


როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ეს პროგრამა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ეკონომიკური რეალობისთვის.


„მიხარია, რომ ჩვენ კიდევ დამატებით ცხრა საინტერესო პროექტი გამოვავლინეთ. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ეს პროგრამა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ეკონომიკური რეალობისთვის. პროგრამის განხორციელებით ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს რეალური შანსი მივეცით საკუთარი იდეების რეალიზებისთვის, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება", -განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


გამარჯვებულთა შორის მოხვდა განაცხადები როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან. პროექტები მრეწველობის, მომსახურების, სოფლის-მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ და სხვა სფეროებს მოიცავს. თითოეული პროექტი შეიცავს ინოვაციურობის ელემენტებს, ემსახურება საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ათვისებული ან სრულიად ახალი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვას და იმპორტის ჩანაცვლებას.


„სტარტაპ საქართველოს" პროგრამის პირველი შესარჩევი კონკურსი ამა წლის ივნისის თვეში გამოცხადდა. 720 განაცხადიდან ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსება 36-მა, ხოლო მაღალტექნოლოგიურ ნაწილში 20 პროექტმა მიიღო. ნოემბერში საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებისა და აპლიკაციების მიღება განაახლა.


პროგრამის თანახმად, ყველა გამარჯვებული პარტნიორთა შეთანხმებას აფორმებს, რომლის საფუძველზეც მათი დაფინანსება მოხდება. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო. „სტარტაპ საქართველოს" პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა და მათი შესწავლა ხორციელდება მუდმივ რეჟიმში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება ხდება პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე.


 

right_banner
არქივი
right_banner