logo_geo
eng_logo
ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით, 186 ქვეყანას შორის, საქართველო მე-13 ადგილზეა
- +

16 თებერვალი. 2017. 14:42


 

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის  მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 2016 წელთან შედარებით 10 პოზიციით (2016 წელს: 23-ე ადგილი), ხოლო 2012 წელთან შედარებით 21 პოზიციით (2012 წელს: 34-ე ადგილი) გაუმჯობესდა.

 

Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა. აღნიშნული ინდექსი ყოველწლიურად ქვეყნდება და 200-მდე ქვეყნისათვის იკვლევს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს, რეიტინგი თითოეული ქვეყნისათვის განიხილავს  საკანონმდებლო, სახელმწიფო მმართველობის, რეგულირებისა და ვაჭრობის ეფექტიანობასა და ხარისხს, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის.


ეკონომიკური თავისუფლების აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 2016 წელთან შედარებით 10 პოზიციით (2016 წელს: 23-ე ადგილი), ხოლო 2012 წელთან შედარებით 21 პოზიციით (2012 წელს: 34-ე ადგილი) გაუმჯობესდა. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების სტატუსი არის: „ძირითადად თავისუფალი", ხოლო მისი მთლიანი ინდექსის ქულა 76-ს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 3,4-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 7 ქულით მაღალია.


ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს შეფასება 2017 წლისათვის გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებით:


  • საკუთრების უფლებების დაცვა - 15.1 ქულით (55.1 ქულა): აღნიშნული გაუმჯობესება დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ კონტრაქტების აღსრულების ხარისხის გაუმჯობესებასთან და ასევე სასამართლო რეფორმების განხორციელებასთან.


  • ფისკალური სიჯანსაღე (წინა წლებში ამ კომპონენტს ერქვა ფისკალური თავისუფლება) - 5.9 ქულით (93.5 ქულა): აღნიშნული მაჩვენებელი განპირობებულია საქართველოს ფისკალური პოლიტიკის მდგრადობით, ასევე საგარეო ვალისა და დაბალი საგადასახადო ტვირთის არსებობით. ამასთან, ინდექსში არ არის გათვალისწინებული მოგების გადასახადის რეფორმა, რომელიც მომდევნო წელს კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ ფაქტორის შეფასებას.


  • ბიზნესის თავისუფლება - 0.7 ქულით (87.2 ქულა): აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოს წარმატება განაპირობა ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურების სიმარტივემ, მუშახელის არასახელფასო ხარჯის დაბალმა დონემ, ბიზნესის სავალდებულო საწყისი კაპიტალის არარსებობამ და ბიზნესის რეგულირების ძალიან ეფექტიანმა მექანიზმებმა.


  • შრომის თავისუფლება - 0.2 ქულა (75.9 ქულა).

 

2017 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით რადიკალურად გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებებით:


  • საკუთრების უფლების დაცვა
  • ფისკალური სიჯანსაღე
  • სახელმწიფო ხარჯები
  • მონეტარული თავისუფლება
  • საინვესტიციო გარემო.

 

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით რეგიონში (კლასიფიცირებულია ევროპის რეგიონად) მე-5 ადგილზეა და მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებს, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ესტონეთი და შვეიცარია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმავე რეგიონში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მიხედვით ჩამორჩება ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა: ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ლიტვა, დანია, შვედეთი, ლატვია, ისლანდია, ფინეთი, ნორვეგია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია და სხვ.


საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით მნიშვნელოვნად უსწრებს მეზობელ ქვეყნებსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა წარმომადგენლებს. აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთი არის 114-ე ადგილზე, თურქეთი - მე-60 ადგილზე, სომხეთი - 33-ე ადგილზე, აზერბაიჯანი - 68-ე ადგილზე, ყირგიზეთი - 89-ე ადგილზე, ყაზახეთი - 42-ე ადგილზე, უზბეკეთი - 148-ე ადგილზე, თურქმენეთი - 170-ე ადგილზე, უკრაინა - 166-ე ადგილზე, ბელარუსი - 104-ე ადგილზე, მოლდოვა - 110-ე ადგილზე.


წყარო:  http://www.heritage.org/index/ranking

http://www.heritage.org/index/country/georgia

http://www.heritage.org/index/

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×