logo_geo
eng_logo
დედოფლისწყაროში „გულეიშას“ ჯიშის ბროწეულის ბაღი გააშენეს
- +

28 თებერვალი. 2017. 01:50



დედოფლისწყაროში მამუკა ბენაშვილმა 1 ჰექტარზე, აზერბაიჯანული „გულეიშას" ჯიშის ბროწეული გააშენა. ფერმერი ოთხ წელიწადში15 ტონა მოსავალს ელოდება. მამუკა ბენაშვილი ამბობს, რომ ბროწეულის გაშენება მსოფლიო ბაზარზე მზარდი მოთხოვნის გამო გადაწყვიტა.


„ბროწეულს თითქმის ყოველთვის მაღალი ფასი აქვს - 1 კგ ბითუმად 1. 5 ლარი ღირს. შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ ბაღიდან შემოსავალი წელიწადში 20 ათას ლარს გადააჭარბებს. ვენახზე კარგ მოგებას დატოვებს იმიტომ, რომ ბროწეულის მოვლა გაცილებით მარტივია, სულ ერთი-ორი ოპერაცია თუ სჭირდება, არც შეწამვლა უნდა დიდად, ასე რომ, ინვესტიციასაც მალე ამოვიღებ. ერთი ერთწლიანი ძირი მხოლოდ 2 ლარი დამიჯდა. ცხადია, მიწის დასამუშავებლად გარკვეული ხარჯები გავწიე, ყამირი იყო, მაგრამ ეს მაინც კაპიტალური ხარჯია და ერთჯერადი ხასიათი აქვს",- განუცხადა eugeorgia.info- ს მამუკა ბენაშვილმა.


მისივე თქმით, საქართველო წელიწადში 3 მილიონი დოლარის ღირებულების ბროწეულის იმპორტს უმეტესად აზერბაიჯანიდან ახორციელებს. ამის მიუხედავად, ბენაშვილს მეურნეობის გაფართოებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მამუკა ბენაშვილი აგრარულ უნივერსიტეტში აგროინჟინერიას ასწავლის.


2014 წელს ბროწეულით ვაჭრობამ ევროკავშირში 219 ათასი ტონა შეადგინა, წინა წელთან შედარებით კი 42 ათასი ტონით გაიზარდა, აქედან, თითქმის ერთი მესამედი (60 ათასი ტონა) განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ექსპორტი მესამე ქვეყნებიდან ორ წელიწადში (2012 წლიდან 2014 წლამდე) 13 ათასი ტონით გაიზარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×