logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის სრულფასოვანი ეკონომიკური ცენტრი
- +

4 აპრილი. 2018. 20:47

 

„ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონის სრულფასოვანი ეკონომიკური ცენტრი“,  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ახალ საგადასახადო ინიციატივებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი თქმით, მომზადდა რეფორმა, რომლის მიხედვითაც, არარეზიდენტ პირებს საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაცია შეეძლებათ.

 

აღნიშნული პროცესი უცხოელ იურიდიულ პირებს საშუალებას მისცემს გახდნენ საქართველოს ელექტრონული რეზიდენტები, ამავდროულად, დაარეგისტრირონ კომპანია საქართველოში და შესაბამისად, გახსნან ანგარიშები ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემაში.

 

„ეს არის მასშტაბური რეფორმა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე უწყებს კოორდინაციას. ამ დავალების შესრულება დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. აღნიშნულ იდეაზე გვქონდა კონსულტაციები და მიღებული გვაქვს თანხმობები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. რამდენიმე თვეში, სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ამ მნიშვნელოვან იდეას საბოლოო სახეს მივცემთ. ჩვენი მიზანია, რომ ბიზნესმენებმა, რომლებიც საქართველოში დარეგისტრირდებიან, გააფართოვონ ბიზნესი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თუ ვინმე გადაწყვეტს საქართველოში გახსნას საწარმო, ბუნებრივია, მათ ექნებათ უფლება, ისარგებლონ იმ თავისუფალი რეჟიმებით, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ ევროკავშირთან და ჩინეთთან,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

მისი განცხადებით, დღეს დაანონსებული სამივე რეფორმა მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის  შემდგომი განვითარებისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×