logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გაგუა: ლარის კურსი ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გამყარებულია
- +

11 აგვისტო. 2018. 17:16

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა რეგიონში, კერძოდ, თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა.

 

მისი თქმით, ყველა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ასახავს ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეს, არის დადებითი.

 

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსი, რის გამოც მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზეც. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ლარის კურსი ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გამყარებულია, გაუმჯობესება, დაახლოებით, 17%-ია. აღსანიშნავია, რომ ეს დინამიკა ფასების სტაბილურობას ქვეყანაში ვერ შეუქმნის საფრთხეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რათა ფასების სტაბილურობა შენარჩუნდეს. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაცია, დაახლოებით, 2,5%-ის ფარგლებშია“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

 

გაგუამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ იმ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რომლის პოზიტიური დინამიკა წლის დასაწყისიდან ფიქსირდება.

 

„ესაა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შეადგინა 5.7%, ხოლო მეორე კვარტალში - 6%. მნიშვნელოვანი ზრდაა ექსპორტის კუთხით, ტურიზმის სექტორში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი გაგრძელდება მომავალში და ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×