logo_geo
eng_logo
გოგიტა ცუცქირიძე: ლარის კურსზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს, მთავარია, მასზე ჩვენი ეკონომიკა ადეკვატურად რეაგირებს
- +

19 ოქტომბერი. 2018. 16:48

 

საფინანსო და საბანკო საქმის ექპერტი გოგიტა ცუცქირიძე ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.

 

„ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ სამწუხაროდ ბოლო წლებში ჩვენთან ჩამოყალიბდა გარკვეული სტერეოტიპი, რომელიც ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის. ტურისტული სეზონი რომ მთავრდება, გარკვეულწილად ადამიანებში იქმნება განწყობები და მოლოდინები, რომ ლარის კურსი უნდა გაუფასურდეს. ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად მოქმედებს. ეს არის ერთ-ერთი ზეგავლენა ლარის კურსზე და ნაკლებად ფუნდამენტური ფაქტორი“, - აცხადებს ექსპერტი საფინანსო და საბანკო საკითხებში გოგიტა ცუცქირიძე.

 

გოგიტა ცუცქირიძე ლარის კურსზე მოქმედი წმინდა ეკონომიკური ფაქტორების ანალიზის  საფუძველზე აცხადებს, რომ  გაზრდილია ექსპორტის სტატისტიკა, ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც არ არის გაუარესებული, დამაკმაყოფილებელია ინვესტიციების  ნაკადები და ძალიან კარგია ტურიზმიდან მიღებული საკმაოდ  შემოსავლები. ამასთან, ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ გარკვეული სტერეოტიპები არსებობს მოსახლეობაში, რომ ტურისტული სეზონი როდესაც მთავრდება, ლარი უნდა გაუფასურდეს. ეს მოლოდინი განწყობიდან გამომდინარე გარკვეულ აჟიოტაჟს ქმნის, რომელიც მოქმედებს ლარის კურსზე.

 

 „პანიკის საფუძველი არ არსებობს, იმიტომ რომ ეკონომიკური ფაქტორები არ არის აქეთკენ გადახრილი. უბრალოდ ეს არის მოლოდინები, სტერეოტიპებს დავარქმევ, რომელიც ამ მოლოდინებს ქმნის. ლარის კურსის, ასე ვთქვათ, გარკვეული გაუფასურება ამის შედეგია. მოლოდინი იქმნება და ადამიანები იწყებენ მოლოდინის გამო უცხოური ვალუტის შესყიდვას. ფაქტიურად, თვითონვე უბიძგებენ ხელს ლარის გაუფასურებას და თვითონვე ქმნიან ამ აჟიოტაჟიდან გამომდინარე ლარის კურსზე ზეწოლას. ამიტომ მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად და მთავარი ფაქტორი მოსახლეობისთვის უნდა იყოს არა მოლოდინი და აჟიოტაჟი, არამედ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური პროცესები. ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის რეგიონში მიმდინარე პროცესები, მაგრამ მთავარია, ჩვენი ეკონომიკა როგორ რეაგირებს“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

 

საფინანსო ექსპერტის თქმით, როდესაც მედია არასწორად აშუქებს ამ ფაქტორებს და ქმნის არასწორ სურათს, ესეც ნეგატიურად  მოქმედებს.

 

„მათ უნდა მოახდინონ არგუმენტირებული დასაბუთება და გააკეთონ ანალიზი რამ გამოიწვია ეს. აჟიოტაჟის შექმნაში სამწუხაროდ მედიაც და ექპერტების ნაწილიც მონაწილეობენ“, - განაცხადა გოგიტა ცუცქირიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×