logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: "თი ბი სი-ს" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, არა მარტო ბევრი კითხვა წარმოშვა, არამედ სათავე დაუდო სპეკულაციებსაც"
- +

17 თებერვალი. 2019. 20:50

 

 

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე "თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს.


ექსპერტის თქმით, საქმე არის რეზონანსული და წამყვან სისტემურ ბანკს ეხება, მაგრამ ცალსახად მოსალოდნელ ეკონომიკურ კოლაფსთან და სისტემურ კრიზისთან გაიგივება, ცოტა არ იყოს პოლიტიკურ დატვირთვას იძენს.


"თი ბი სი" ბანკის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, არა მარტო ბევრი კითხვა წარმოშვა, არამედ სათავე დაუდო სპეკულაციებსაც და თანდათან პოლიტიკურ ელფერსაც იძენს. დღეს რატომღაც ფოკუსირება ბანკის ტოპ მენეჯმეტის მიერ განხორციელებული ტრანსაქციის კანონიერების ირგვლივ ტრიალებს, მიდის რაღაც ვარაუდებზე მსჯელობა და ნაკლებად ხდება საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი. გასაგებია, რომ საქმე არის რეზონანსული და წამყვან სისტემურ ბანკს ეხება, მაგრამ ცალსახად მოსალოდნელ ეკონომიკურ კოლაფსთან და სისტემურ კრიზისთან გაიგიავება ცოტა არ იყოს პოლიტიკურ დატვირთვას იძენს.


ამ ბლოგში მსურს განვიხილო მსოფლიოს წამყვანი კომერციული ბანკების დაჯარიმებების მიზეზები და ასპექტები, მათ შორის ეკონომიკაზე ზეგავლენის თვალსაზრისით.


2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ, არაერთი რეზონანსული და სკანდალური საქმეა ზედაპირზე ამოსული, როგორც ბანკების მენეჯერთა, ასევე ბანკებთან დაკავშირებულ პირთა მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, რომლებიც ეხება ფულის გათეთრებას თუ საპროცენტო განაკვეთების მანიპულირებას, არა მხოლოდ მიმდინარე ოპერაციების დროს, არამედ გასულ წლებში წარმოებულ ოპერაციებისას. ეს პერიოდები არა თუ 2 ან 3 წელიწადს, არამედ ხშირად ათეულ წელსაც აღემატება. საერთაშორისო საბანკო პრაქტიკა მიუთითებს, რომ ფინანსური დანაშაულის დარღვევის აღმოჩენა, როგორც წესი, მისი ჩადენიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ხდება რეგულატორის და სამართალდამცავი ორგანოების მიერ; ამის ნათელი ილუსტრაციაა მსოფლოს ტოპ ბანკების დაჯარიმებები, რომლებზეც საჯარიმო სანქციების გადახდის მოთხოვნა 10 და ზოგჯერ 15 წელსაც კი მოიცავს, ზოგადად კი აშშ-ის და ევროპის წამყვან 20 ბანკზე 2016 წლის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 2008 წელთან შედარებით 45 ჯერ არის გაზრდილი.



აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მარტო 2007-2008 წლებში განხორციელებული ფინანსური მაქინაციების გამო, 402 ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის დანაშაული, მათ შორის 97 ბანკის თანამშრომელი იყო, საერთო ჯამში 222 პირზე გადაიცა დაპატიმრების სანქცია.


ცალკე საკითხად უნდა განვიხილოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ სსფ-ის პოზიცია გასულ წლებში, როგორც დღევანდელი ხელისუფლების მართველობის პერიოდში, ასევე წინა ხელისუფლებების დროსაც ყოველთვის ცალსახა იყო. გავიხსენოთ 2000-იანი წლები, როდესაც ფონდმა საერთოდ დატოვა საქართველო, ხოლო 3 წლის წინ აშკარად წინააღმდეგი წავიდა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე. აქედან გამომდინარე, სსფ-ის ღია მხარდაჭერა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე ნიშანდობლივია.


ამ სტატიაში სპეციალურად მსურს აქცენტები გადავიტანო მსოფლიოს წამყვან ბანკებთან დაკავშირებულ დავებზე, რომლებიც არა მხოლოდ წამყვანი ქვეყნების სისტემური ბანკები არიან, არამედ საერთაშორისო აქტიურ ბანკებსაც წარმოადგენენ, და შესაბამისად, მათი ზეგავლენა არა მხოლოდ ამ ქვეყნების ეკონომიკაზე, არამედ გლობალურ ბაზრებზეც არანაკლებ მნიშვნელოვანია;



ძალზე საინტერესოა „დოიჩე“ ბანკთან დაკავშირებული შემთხვევების განხილვა იქნება ეს ფულის გათეთრება თუ საკრედიტო ოპერაციებით მანიპულირება - გერმანიის უმსხვილესი ბანკი ხშირად ხვდება მკაცრი სანქციების ქვეშ როგორც რეგულატორების ისე პროკურატურის მხრიდან .


  1. ფულის გათეთრების ხელშეწყობა ოფშორის გამოყენებით:


ამასწინათ 2018 წლის 28 ნოემბერს ფრანკფურტში პოლიციამ განახორციელა „Deutsche Bank“- ის ექვსი ოფისის ჩხრეკა, ფულის გათეთრების ბრალდებით . პროკურორები ეჭვობს, რომ წინა წლებში „Deutsche Bank“- ი კლიენტებს უკანონოდ დაეხმარა „ფულის გადატანაში " საგადასახადო ოფშორში.


  1. რუსული ფულის გათეთრება:


2017 წელს, Deutsche Bank -ი აშშ-სა და ბრიტანეთის ფინანსურმა სამსახურებმა 630 მილიონი აშშ დოლარით (553,5 მილიონი ევრო) დააჯარიმეს ფულის გათეთრების ბრალდებით. აღსანიშნავია, რომ რეგულატორებმა 2011-2015 წლებში ჩადენილი უკანონობები გამოააშკარავეს.


  1. მოჭარბებულად სარისკო, ანუ ტოქსიკური ფასიანი ქაღალდების გაყიდვა:


2017 წელს, „Deutsche Bank“ -მა აღიარა და დაეთანხმა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს $ 7.2 მილიარდიანი სანქციის გადახდაზე მას შემდეგ, რაც დაადანაშაულეს ინვესტორებისათვის იპოთეკით მხარდაჭერილი დაბალრეიტინგული ფასიანი ქაღალდების მიყიდვაში 2005 და 2007 წლებში. უკანონო მოქმედებების ხანდაზმულობა 10-12 წელი იყო.

  1. საკრედიტო მანუპულირება:


2015 წელს „Deutsche“ Bank- ს $ 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადახდევინეს აშშ-სა და ბრიტანეთის მარეგულირებლებმა 2003 წლიდან 2007 წლამდე წარმოებული საკრედიტო მანიპულაციებისათვის.


ბრიტანეთის საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ სქემებში „Deutsche“ Bank- ის 29 თანამშრომელი იყო ჩართული, ხოლო აშშ-ს მარეგულირებელმა შვიდი თანამშრომლის, მათ შორის დირექტორებისა და ვიცე-პრეზიდენტების ჩამოცილება დაავალა. აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა ლორეტ ლინჩმა განაცხადა, რომ „Deutsche“ Bank- მა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორები.
 

3.ბრიტანული HSBC-ბანკის შემთხვევა. 


2007-2009 წლების საბინაო კრიზისთან დაკავშირებით HSBC -ე 470 მლნ აშშ დოლარი (£ 325 მილიონი) დააჯარიმეს  „იპოთეკური პრაქტიკის დამახინჯებისათვის", რომელის შედეგადაც ბინა მილიონობით ადამიანმა დაკარგა.


2017 წელს ბრიტანეთის ბანკი დათანხმდა, რომ ჯარიმა გადაიხადოს აშშ ფედერალური და სახელმწიფო გამოძიების მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, ჯარიმის ნაწილის თანახმად, „HSBC“- ს დაევალა 59.3 მლნ აშშ დოლარის გადახდა მსესხებლებისთვის, რომლებმაც 2008- 2012 წლებში საკუთარი სახლები დაკარგეს. ფულის გადახდა შესაძლოა გაცილებით გაჭიმულიყო, რადგან ნიუ-იორკის შტატში მხოლოდ 135 000-ზე მეტი მსესხებელია.


ეს სანქცია მსგავსია $ 26 მილიარდიანი სანქციისა, რომელიც 2012 წელს აშშ-ის 5 უმსხვილეს ბანკთან არის დაკავშირებული( JPMorgan Chase & Co, Bank of America Corp, Citigroup Inc, Goldman Sachs Group Inc, Morgan Stanley), რომელთა საერთო აქტივები 9 ტრილიონ აშშ დოლარამდეა და აშშ-ის და ზოგადად მსოფლიო ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სეგმენტს წარმოადგენენ. ცნობილია, რომ ფინანსური კრიზისის დროს საკუთარი სახლები დაკარგა სულ მცირე 7 მილიონმა ამერიკელმა.


აშშ-ს საგამოძიებო სამსახურების მიერ „HSBC“- ს წინააღმდეგ განხორციელებულ სანქციებს შორის უნდა გამოვყოთ $ 1.9 მლრდიანი ჯარიმის დაკისრება „აშკარა მარცხისთვის", ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კონტროლის განხორციელების არაეფექტურობის და ამერიკული სანქციების მიზანდასახული იგნორირების გამო.


მიმდინარე წლის იანვარში „Barclays“ და „BNP Paribas“ ყოფილმა ტრეიდემა ნიუ-იორკის სასამართლოში აღიარა, რომ მონაწილეობდა გარიგებაში სავალუტო ბაზარზე ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. ხოლო ივნისში სამი ყოფილი ბრიტანელი ტრეიდერი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სასამართლოს წინაშე წარსადგენად ლიბორ-ის განაკვეთებთან დაკავშირებული მანიპულაციების გამო.


აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა არაერთი გადაწყვეტილება მიიღეს ბანკების და ბანკირების წინააღმდეგ. 2014 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ საქმე აღძრა მსოფლიოს 16 წამყვანი ბანკის წინააღმდეგ, მათ შორის უნდა აღინიშნოს „Deutsche“ Bank, „Barclays“,  „Lloyds Group“, „RBS Group“, „Rabobank“-ი. სულ მარტო 2015 წელს აშშ-ის პროკურორებთან გარიგება 80 ბანკმა გააფორმა.


2017 წელს შოტლანდიის სამეფო ბანკს მრავალმილიარდიანი სანქცია დაუწესეს და იგი 5.5 მილიარდ დოლარს გადაიხდის იმის სანაცვლოდ, რომ ის 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე იპოთეკურ საფინანსო ოპერაციებს დარღვევით აწარმოებდა.


აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი სარისკო იპოთეკის გაყიდვის გამო კვლავ აგრძელებს გამოძიებას. აღსანიშნავია,რომ შოტლანდიის სამეფო ბანკი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი მსოფლიოში. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ბანკის 73%-ს ფლობს. ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიის სამეფო ბანკს გამოყოფილი აქვს 5.8 მილიარდი ფუნტი სტერლინგი პოტენციური ჯარიმებისა და სამართლებრივი ხარჯებისთვის. აქედან 3.1 მილიარდი გამოყოფილია ბრალდებების მოსაგვარებლად, რაც სარისკო კრედიტების ამერიკაში გაყიდვას გულისხმობს",-წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×