logo_geo
eng_logo
ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები უქმდება
- +

23 თებერვალი. 2019. 21:45

 

 

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ტყის ახალი კოდექსი გადაუგზავნა. მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი კანონმდებლებმა საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უნდა განიხილონ.

 

დოკუმენტის მიზანია, შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად, ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

 

 ტყის ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები, აგრეთვე ის აუქმებს „სოციალური ჭრის“ პრაქტიკას, მათ ნაცვლად კი შემოდის მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელი, სადაც ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, რამაც ტყეების ეკოლოგიური ფუნქციის შენარჩუნების პარალელურად უნდა უზრუნველყოს, სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. ტყის ახალი კოდექსით სავალდებულო ხდება პროფესიონალი კადრების დასაქმება სატყეო სექტორში.

 

საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყეს  სახელმწიფოს მიერ გაცემული 38 ლიცენზიის საფუძველზე 28  კომპანია მოიპოვებს.  აქედან ლიცენზიას ყველაზე მსხვილ  4 ლოტზე  ფლობს ბიზნესოპერატორი  „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო“.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100% -ს  შპს  ხე-ტყის  სამრეწველო  საზოგადოება  „ხუაშუნლტდ საქართველო“ ფლობს. კომპანიის დირექტორი  არის ჩინეთის მოქალაქე ციანციან იუ. ჩინური ინვესტიციით შექმნილი კომპანია  ხე-ტყეს მოიპოვებს  სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში  და კახეთში.

 

2017 წლიდან ხე-ტყის მოპოვებაზე ლიცენზიების გაცემა შეჩერებულია.

 

Global Forest Watch-ის მონაცემებით კი, 2001-2017  წლებში საქართველოში 9,700 ჰექტარი ტყე გაქრა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტყის ყველაზე დიდი მოცულობა 2014 წელს გაიჩეხა და 1,97 ჰექტარი შედგინა.

 

Global Forest Watch-ის კვლევა ასევე აჩვენებს, რომ 2017 წელს ტყის მასივი ყველაზე მასშტაბურად 5 რეგიონში შემცირდა, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში - 1,9%, თბილისში-0,8 %, ქვემო ქართლში -0,52%, კახეთში - 0,32%, იმერეთში -0,27%.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×