logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: მთავარი, რასაც გავაკეთებთ, იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სიკეთის მიტანა თითოეული ოჯახამდე, მცირე და საშუალო ბიზნესამდე
- +

19 აპრილი. 2019. 21:39

 

„ძალიან კარგად ვიცი, რა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათგან მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის სხდომის შემდეგ გაიმართა.

 

აღნიშნულ სხდომას ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში პირველად დაესწრო.

 

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიური ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი საერთაშორისო ფინანსური რეიტინგების თვალსაზრისით, გვაქვს არაჩვეულებრივი მიღწევები რეგიონში ეკონომიკური ინტეგრირების თვალსაზრისით. მაგრამ მთავარი, რასაც გავაკეთებთ, ესაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სიკეთის მიტანა თითოეული ოჯახამდე, მცირე და საშუალო ბიზნესამდე. სწორედ ეს დავალება მივიღე პრემიერ-მინისტრისგან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის.

 

„ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივია ის ნდობა, რაც  გამომიცხადა მმართველმა გუნდმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მე სათავეში ჩავუდექი ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც ჩემთვის უცხო უწყება არ არის“,  - განაცხადა მან.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სამომავლო გეგმებზე.

 

„ძალიან მოკლე ვადა გვაქვს, რათა ძალიან ამბიციური გეგმები განვახორციელოთ. ჩვენ დავსახეთ სტრატეგიები და ამოცანები, ახლა მთავარია ამ სტრატეგიების ოპერატიული მართვა, ყველა ამოცანის დადგენილ დროში აღსრულება. მე ჩემი გამოცდილება, ჩემი მენეჯერული უნარი, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებას მოიცავს, მინდა ამ საქმეს მოვახმარო. ეს იქნება ჩემი კონტრიბუცია ჩვენი ერთიანი ეკონომიკური გუნდის საქმეში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×