logo_geo
eng_logo
ჩინური მარკეტინგის ასოციაცია, „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის მხარდაჭერას გეგმავს
- +

2 მაისი. 2019. 15:57

 

 

„საპარტნიორო ფონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის ასოციაციის, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური მრეწველობის თანამშრომლობის საბჭოს და ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV – ის დელეგაცია მიიღო.

 

ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით ქართული პროდუქციის, კერძოდ, ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ჩინეთში ექსპორტის მხარდაჭერას განიხილავენ და საქართველოში ინვესტირებისთვის ფონდში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესწავლას გეგმავენ.

 

შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიდევ რამდენიმე ქალაქში (საუბარია პეკინსა და შანხაიში) ქართული კულტურისა და ღვინის სახლების მშენებლობის სურვილი გამოთქვა. ფონდის მენეჯმენტმა ჩინეთის მხარეს ბელარუსთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მინსკში შექმნილი „ქართული  სახლის“ მოდელი გააცნო და ამ მიმართულებით ჩინეთის დელეგაციასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

 

ჩინეთის საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური მრეწველობის თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენლებმა  „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს ქართული ღვინის ფალსიფიკაციასთან ბრძოლის თანამედროვე მექანიზმები და საკუთარი გამოცდილება გააცნო.

 

„საპარტნიორო ფონდმა“ ჩინეთის დელეგაციას ფონდის საქმიანობისა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმცია მიაწოდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი მიმოიხილეს, ასევე, ქართული პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობებისა და ტექნიკური დეტალების შესახებ იმსჯელეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×