logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებს შორის ყველაზე პრობლემურია სიძულვილის ენის გამოყენება
- +

13 ივნისი. 2019. 16:07

 

 

„საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებს შორის ყველაზე პრობლემურია სიძულვილის ენის გამოყენება“, - ეს განცხადება პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

 

ამასთანავე, მინისტრის შეფასებით, სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი.

 

„საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ოდირიც (ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი), რომ არ იყვნენ, ჩვენ თვითონ ვხედავთ ქვეყანაში, საარჩევნო პროცესს თან ახლავს ემოციები და ამ ემოციებს შორის ყველაზე პრობლემატური გახლავთ სიძულვილის ენის გამოყენება სხვადასხვა კანდიდატთან მიმართებაში. ეს სიძულვილის ენა კიდევ უფრო თვალშისაცემია ხოლმე, როდესაც კანდიდატი არის ქალი. ჩვენ ვნახეთ შარშან არჩევნებზე, რომ რესპექტაბელური ასაკის მქონე ქალი კანდიდატის წინააღმდეგ, მამაკაცები და მეორე პარტიის კანდიდატი მამაკაცი იყენებდა სიძულვილის ენას. არ ვფიქრობ, პრობლემა იყოს, თუ აქ გარკვეული, ძალიან ფრთხილი, ფაქიზი მიდგომის შედეგად შემუშავებული რეგულაციები იქნება და ბალანსი დაცული იქნება პირის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

მისი თქმით, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა ე.წ. წითელი ხაზები არსებობდეს.

 

„ეს უნდა გაკეთდეს, რათა არსებობდეს გარკვეული წითელი ხაზები, რა შეიძლება, გამოხატვის სახელით აკადრო და რა არ შეიძლება, აკადრო სხვა ინდივიდს, რომელსაც აქვს თავისი პირადი სივრცე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

საარჩევნო საკითხებზე პარლამენტში დღეს გამართულ შეხვედრაზე სიძულვილის ენის პრობლემა და ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობის საკითხი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დააყენა. კახა ბექაურმა განაცხადა, რომ სიძულვილის ენის საკითხი ქართულ კანონმდებლობაში რეგულირდება თვითრეგულირებით, რაც ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, კომუნიკაციების კომისიამ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით და ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში შეიტანა პარლამენტში, თუმცა ის ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად.

 

შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულ იქნება ზომები, რათა კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს.

 

ამასთანავე, კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო პარტნიორებს სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში კი, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner