logo_geo
eng_logo
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების პრეზენტაცია
- +

18 ივნისი. 2019. 20:48

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAid) მხარდაჭერით, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტი მომზადდა. 6 თვიანი მუშაობის შედეგები, პრეზენტაციის ფორმით, კომიტეტის კონსულტანტმა, ანატოლი კორეპანოვმა წარმოადგინა და სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას მისი მომზადების მიზნები, რეკომენდაციები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო.

 

კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მნიშვნელობა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კომიტეტის ეგიდით მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა, რომელიც კომიტეტს და სამინისტროს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარება, რაც  სპორტში მოსახლეობის ჩართულობას და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან ხელმისაწვდომობის გაზრდის.

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საკმაოდ მოცულობითი სამუშაო გასწია, იმისთვის რომ, სპორტის შესახებ მოქმედი კანონი განახლებულიყო. მე როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, პარლამენტში მოსვლის პირველსავე დღეს განვაცხადე, რომ სპორტთან დამოკიდებულება, სპორტის როლი და მისი მნიშვნელობა ჩვენ ქვეყანაში არასაკმარისი იყო და ყველას  გაერთიანებისკენ მოვუწოდე, რათა ეს უმნიშვნელოვანესი დარგი ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება გამხდარიყო. სწორედ ამ გზაზე ვდგავართ დღეს და ეს შეხვედრაც ამის დადასტურებაა. მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტის და სპორტის მესვეურების მონდომების შედეგად კონსტიტუციის ტექსტში ახალი ჩანაწერი გაკეთდა, რომელიც ყველას მიზნებს იზიარებს და რომლის მიხედვითაც - „სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს რეგიონებში გამართულ საჯარო განხილვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულ შეხვედრებზე დაისვა საკითხი თუ რამდენად შესაძლებელია ახალმა კანონმდებლობამ შეცვალოს არსებული რეალობა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ შეძლოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება და სპორტში ჩართულობა. უფრო სიღრმისეულად რომ გაგვეხილა ეს პრობლემები გაჩნდა იდეა, რომ ჩატარებულიყო კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება, რისთვისაც მადლობას ვუხდი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძრვანელობას და პროცესის ყველა იმ მონაწილეს, რომელმაც აღნიშნული დოკუმენტი მოამზადა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

“კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე მოწვეულ საზოგადოებას კიდევ ერთი ინიციატივა გააცნო, რომლის განხორციელებაც წლის ბოლომდე იგეგმება. მისი განცხადებით, კომიტეტმა პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა, რაც საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის და არსებული რეალობის მართვის ეფექტური მოდელის შექმნას ითვალისწინებს. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ კვლევიდან გამომდინარე უკვე საერთო ეროვნული ხედვა ჩამოვაყალიბოთ. პრემიერმა მიმართა უკვე შესაბამის სამსახურებს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო კონკურსი, რათა პროექტი წლის ბოლომდე დასრულდეს. შემდეგ უკვე ჩვენ შეგვეძლება თითოეულ მოქალაქეს ვაცნობოთ, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტული კომპლექსები მათთვის ხელმისაწვდომი გახდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მათთვის სასურველი სახეობა აირჩიონ და გამართული მართვის სისტემის შედეგად,  სპორტში ჩართულობის ხელმისაწვდომობა იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

სხდომის მონაწილეებს სიტყვით USAID-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ადამ შმიტმა მიმართა და კომიტეტს RIA-ს პროექტის წარმატებით შესრულება მიულოცა. მანვე კომიტეტთან არსებული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია კომიტეტის მიერ მომზადებულ ინიციატივებს და იდეებს მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის მის განხორციელებაში დაეხმაროს.

 

სხდომაზე RIA-ს პრეზენტაცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა დოკუმენტის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე მოსაზრებები გამოთქვეს და საკუთარი აზრი დააფიქსირეს. RIA-ს საბოლოო ანგარიში უახლოეს დღეებში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ვებ-გვერდზე აისახება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner