logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში შეუჩერდება, თუ...
- +

27 ივნისი. 2019. 10:57

„ამ წინადადების დაკმაყოფილებით პროკურატურას შესაძლებლობა მიეცა, სასამართლო ორგანოს მიმართოს, რომ პარლამენტის წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა „პირველი არხის“ გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.

 

„გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, შეუფარდებს თუ არ შეუფარდებს. ისევე, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევებში ხდება. თუმცა, ვინაიდან პარლამენტის წევრი გარკვეული იმუნიტეტით სარგებლობს და ეს იმუნიტეტი მათ შორის, მის დაპატიმრებაზე ვრცელდება, პარლამენტმა პროკურატურას ამის შესაძლებლობა მისცა“, – განაცხადა კახიანმა.

 

მისი თქმით, ნიკანორ მელია ამ მომენტისთვის, ჯერ კიდევ არის პარლამენტის წევრი და მას უფლებამოსილება არ შეჩერებია.

 

„ჯერჯერობით, მხოლოდ პროკურატურას აქვს მინიჭებული უფლება, რომ სასამართლოს მიმართოს და ნიკანორ მელიასთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს. ეს არის და ეს. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ამ უფლებით ისარგებლებს და სასამართლოს მიმართავს, ხოლო სასამართლო მისი დაპატიმრების თაობაზე გამოიტანს გადაწყვეტილებას, უფლებამოსილება მას ამის შემდეგ შეუჩერდება და არ შეუწყდება“, – განაცხადა კახიანმა.

 

ამ განცხადებით დეპუტატმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას დაუჭირა დღეს მხარი საკანონმდებლო ორგანომ და ნიშნავს თუ არა პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიკა მელიას დაკავებას.

 

შეკითხვაზე, იყო თუ არა პროკურატურა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებებით პარლამენტში და რა მტკიცებულებების გათვალისწინებით ჩათვალა პარლამენტმა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მხარი დაეჭირა, კახიანმა განაცხადა, რომ პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები წარმოადგინა.

 

„პროკურატურამ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ თვლიდა, რომ შესაძლებელია, საჭირო გახდეს ნიკანორ მელიას დაპატიმრება და შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვა. გარდა ამისა, პროკურატურამ ისაუბრა, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში ამ ეტაპზე. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ გრძელდება გამოძიება და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება“, – განაცხადა კახიანმა.

 

მისივე თქმით, პარლამენტი არ არის ის ორგანო, სადაც შეიძლება, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე იყოს მსჯელობა.

 

„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ განვახორციელებდით მართლმსაჯულებას. მართლმსაჯულება სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივა და უფლებამოსილებაა. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც გონივრული ვარაუდიდან გამომდინარე მიიღო. იმისთვის, რომ კონკრეტული საქმე გამოძიებულ იქნას, მიზანშეწონილია, პროკურატურას შესაბამისი უფლება ჰქონდეს“, – განაცხადა კახიანმა.

 

მისი თქმით, ამის შემდეგ პროცესი როგორ განვითარდება, ნიკა მელიას დააკავებენ, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება თუ არა, ეს ერთი მხრივ, პროკურატურის, მეორე მხრივ კი, სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივაა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner