logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: აღმოსავლეთ პარტნიორობამ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმირება მოახდინა
- +

11 ივლისი. 2019. 14:44

 

 

„საქართველო არის აბსოლუტურად განსხვავებული იმასთან შედარებით, როგორიც იყო ათი წლის წინ“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ განაცხადა, სესიაზე – „სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში“.

 

დავით ზალკალიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შესახებ ისაუბრა.

 

„მინდა, დავუბრუნდე იმას, თუ რა ხდებოდა ათ წლის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის დაწყებიდანვე და ეს ინიციატივა ათი წლის წინ დაიწყო, ჩვენ ვისმენდით სხვადასხვა დისკუსიას იმის შესახებ, თუ რა არის აღმოსავლეთ პარტნიორობა. ვისმენდით სხვადასხვა აზრს ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლებისგან, რომ მაგალითად, ეს არ არის გეოპოლიტიკური კონკურენცია, ეს არ არის თანამშრომლობა ვინმეს წინააღმდეგ.  ჩვენ ასევე ვისმენდით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის პროექტი, რომელიც საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით არჩევანს გაკეთებინებს და რომ ეს პარტნიორობა არ ქმნის გამყოფ ხაზებს და აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის ასევე წევრობისთვის ჩარჩო და აი, ეს ყველაფერი შესაძლოა, მართალიც არის ვინმეს პოზიციიდან დანახული, მაგრამ ახლა მგონი, დადგა დრო, გავაანალიზოთ, შევაფასოთ და ვისაუბროთ, რას მივაღწიეთ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და რა არის მომავლის გზა, შემდეგი ნაბიჯი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ამასთან, მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო კარგი პოლიტიკური ხედვის მქონე ინიციატივა.

 

„რაც შეეხება განვლილ 10 წელიწადს, ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო კარგი პოლიტიკური ხედვის მქონე ინიციატივა, რომელმაც გააერთიანა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყანა და მიუახლოვა ევროკავშირს, თავისი ინდივიდუალური არჩევანის მიხედვით, თავიანთი მისიის მიხედვით, თუმცა საქართველოს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით საქართველო არის აბსოლუტურად განსხვავებული იმასთან შედარებით, როგორიც იყო ათი წლის წინ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობამ საქართველოს ტრანსფორმირება მოახდინა.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობამ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმირება მოახდინა, ჩვენი ქვეყნის მოდერნიზება შეძლო. თუ შეადარებთ იმას,  რა გვქონდა ჩვენ 10 წლის წინ, ეს იყო საქართველო, რომელიც ევროკავშირის სამეზობლოს გარეთ იყო, დღეს საქართველო არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და უახლოესი პარტნიორი, ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა და განსაკუთრებული და უნიკალური ფორმატები გვაქვს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დიალოგი. ასევე მაღალი დონის დიალოგი ევროკომისიასთან და, რა თქმა უნდა, დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ეს არ არის ახალი გამყოფი ხაზების შექმნა, ეს არის პროექტი, რომელიც სტაბილურობის ზონას აფართოებს ჩვენს დინამიურ რეგიონზე და აღმოსავლეთ პარტნიორობა გვეხმარება, შევქმნათ უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ზონა ამ რეგიონში. რა თქმა უნდა, ეს აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მხოლოდ წევრობა, ეს არის საქართველოს თანმიმდევრული, ეკონომიკური ინტეგრირება ევროპაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

მისი თქმით, საქართველოს აქვს შთამბეჭდავი შედეგები, თუმცა მისი საბოლოო მიზანი არის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში.

 

„როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ გვაქვს შთამბეჭდავი შედეგები, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი, ჩვენი საბოლოო მიზანი უკვე გაცხადებულია და ეს არის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ დღესდღეობით, ევროკავშირშიც არის გარკვეული გამოწვევები, მაგალითად, მიგრაცია, ბიუჯეტთან დაკავშირებული დისკუსიები, ეს ყველაფერი არ ქმნის კარგ საფუძველს გაფართოებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ფარ-ხმალს არ ვყრით, ვაგრძელებთ რეფორმებს, ვავითარებთ სტრატეგიას, თუ როგორ მოვამზადოთ ქვეყანა და მზად ვართ, ვესაუბროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ანუ გზამკვლევი ევროპისკენ ეს არის ჩვენი კონცეფცია, სადაც ჩვენ აღვწერეთ, თუ როგორ მივუახლოვდეთ ევროკავშირს თანამშრომლობის საკითხში სხვადასხვა სფეროებში – ელექტროენერგიის, ტრანსპორტის, ვაჭრობის სფეროში და ასევე უზრუნველვყოთ მეტი ინტეგრაცია სხვადასხვა პროგრამაში.

 

ეს არის ჩვენი ხედვა, როგორ ვხედავთ ჩვენ ქვეყნის ფუნქციონალურ მომზადებას იმისთვის, რომ მზად ვიყოთ იმ მომენტისთვის, როდესაც ევროპა მზად იქნება, მიიღოს საქართველო, აი, ასე ვხედავთ ჩვენ გასულ ათ წელს და მომავალს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner