logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ვზრდით თანამშრომლობის დონეს ევროკავშირთან, NATO-სთან და აშშ-სთან, რათა...
- +

11 ივლისი. 2019. 19:01

 

 

„ჩვენ ვზრდით თანამშრომლობის დონეს ევროკავშირთან, NATO-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა საქართველოში გაძლიერდეს სტაბილურობა და შევაკავოთ საფრთხეები რუსეთიდან“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ბათუმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე განაცხადა.

 

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურად ცდილობს შეესაბამებოდეს ევროკავშირის პოლიტიკას, გლობალურ სტრატეგიას და NATO-ს შეკავების პოლიტიკას იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.

 

„ჩვენ შავ ზღვას აღვიქვამთ ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძვლად, რომელიც აღიარებულია ევროკავშირისა და NATO-ს მიერ. სამი კვირის წინ ევროპულმა საბჭომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამასთან საუბარია უფრო მეტ ჩართულობასა და გამყარებულ თანამშრომლობაზე. დოკუმენტში შეშფოთება იყო გამოთქმული, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია არ იყო აღნიშნული, თუმცა მნიშნველოვანია, რომ ევროკავშირი იყენებს არაღიარების პოლიტიკას და როგორც აღნიშნული პოლიტიკის ნაწილი, ჩვენ ჩართულები ვართ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს, როგორც ნაწილს ევროკავშირის უსაფრთხოებისა. ვინაიდან ვმონაწილეობთ ევროკავშირის მისიებში ცენტრალურ აფრიკასა და მალის რესპუბლიკაში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის თანამშრომლობა არამხოლოდ NATO-ს ჩარჩოებში.

 

„ორ კვირაში საქართველოში ჩატარდება „ეჯაიალ ტპირიტის“ წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას NATO-ს წევრი და მისი პარტნიორი 14 ქვეყანა, ასევე შავი ზღვის ოთხი ქვეყანა მიიღებენ. ეს გახლავთ პრაქტიკული ფორმატი, რომელშიც შეგვიძლია, ჩავერთოთ როგორც სამხედრო და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ყველა რეფორმა, რომლებსაც ვახორციელებთ, შესაბამისობაშია NATO-ს შეკავების პოზიციასთან. ჩვენ ამ წელს წარმატებული წვრთნები ჩავატარეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროცესს ჩვენმა უწყებამ უხელმძღვანელა. ჩვენ ვზრდით თანამშრომლობის დონეს ევროკავშირთან, NATO-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რათა საქართველოში გაძლიერდეს სტაბილურობა და შევაკავოთ საფრთხეები რუსეთიდან. თავდაცვის სფეროში განხორციელებული ნაბიჯები კი ჩვენი დემოკრატიის დაცვას და მედეგობის გაძლიერებას ნიშნავს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner