logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: არავინ დარჩება დაუსჯელი, 21 ივნისიდან მიმდინარე პროცესი ამის მკაფიო დემონსტრირებაა
- +

15 ივლისი. 2019. 13:00

 

 

„არავინ დარჩება დაუსჯელი და პროცესი, რომელიც მიმდინარეობს 21 ივნისიდან, არის ამის მკაფიო დემონსტრირება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას.

 

მისი თქმით, მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა.

 

„ამასთან, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაშავებულები და იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადააჭარბა მის უფლებამოსილებას და გამოიყენა ზედმეტი ძალა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რომ მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება, რომელმაც თავისი უფლებამოსილება არ გამოიყენა ისე, როგორც კანონი მოითხოვდა, მოახდინა ძალის ზედმეტი დემონსტრირება. ამის შედეგად სამწუხაროდ, გვყავს დაზარებული ადამიანები, ახალგაზრდები და პოლიციელები. არავინ დარჩება დაუსჯელი და ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს 21 ივნისიდან, არის ამის მკაფიო დემონსტრირება. ისევე, როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, უპასუხისმგებლო ადამიანები არ აცდებიან პასუხისმგებლობას, რომ გამოიყენეს ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

მისი თქმით, არსადაა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ გამოიყენა ლეგიტიმური ძალა.

 

„ეს შეფასება, რაც გავაკეთე, მხოლოდ ჩემი შეფასებაა ან ჩვენი პოლიტიკური გუნდის? წაიკითხეთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, სადმე არის კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციამ გამოიყენა ლეგიტიმური ძალა? არსად ეს არ არის. ძალიან მძიმე საკითხია და ძალიან მტკივნეული თითოეული ადამიანისთვის. მე სწორედ სოლიდარული ვარ ამ ნაწილში, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც შესაძლოა, გადაცდენას ჰქონდა ადგილი“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

ამასთან, როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, პოლიციელების გარკვეულ ნაწილს, 10 ადამიანს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული, რამდენიმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თითოეული ნიუანსი დასადგენი და გასათვალისწინებელია.

 

„რაზეც უნდა ვისაუბროთ, არის ის, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, რომ ვინმეს შეიძლება, ხელი დაეფაროს. მე გეუბნებით, რომ ეს ასე არ მოხდება, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება მაქსიმალურ ტრანსპარენტულ რეჟიმში. მოგეხსენებათ,  სახალხო დამცველის აპარატიც ჩავრთეთ საკითხში, ისევე, როგორც ჩართულია ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოისურვებს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გამოძიება ჩატარდება ობიექტურად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კითხვაზე, რატომ არ არის დაკავებული ზაზა ფანცქალაშვილი, რომელიც ჩანს კადრებში, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ყველა დაისჯება, ვის მიმართაც ძალის გადამეტება დადგინდება.

 

„გვარი, რომელიც თქვენ ახსენეთ ან ნებისმიერი სხვა გვარი, რომელიც შეიძლება, მონაწილეობდა იმ პროცესებში, რასაც ჰქვია ძალის გადამეტება, გეუბნებით და პროცესი ამას აჩვენებს, რომ ყველა კანონის ფარგლებში იქნება დასჯილი. გამოძიება უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

ამასთან პრემიერს ჰკითხეს აქციის დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე გაკეთებულ თავის განცხადებასთან დაკავშირებითაც: „ვიდრე აქციის დაშლა დაიწყებოდა, თქვენ 10 წუთით ადრე განაცხადეთ, რომ რეზინის ტყვიები არ იყო თქვენი ხელწერა. თუმცა, ამის შემდეგ აქციის დაშლა დაიწყო. იყავით თუ არა ინფორმირებული, რომ აქციის დაშლა მიმდინარეობდა“.

 

პრემიერის თქმით, არავინ გეგმავდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას.

 

„რა თქმა უნდა, მე ამის შესახებ არ ვიცოდი, უფრო მეტიც, გავიმეორებ იმას, რაც მაშინ ვთქვი. არავინ გეგმავდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას, მაგრამ როდესაც პასიური კორდონი ვეღარ ახერხებდა აგრესიული ადამიანებისა და აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების შეჩერებას, ისინი იძულებული იყვნენ, გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ადგილზე. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ხდება მყისიერად. ჩვენ ხომ უნდა გვესმოდეს და ყველა ვადევნებით თვალყურს, რომ ყოველწუთიერ რეჟიმში მიმდინარეობდა ცვლილება სიტუაციის, ორი საათის განმავლობაში იგერიებდა ამ შტურმს, ერთი პოლიციელიც არ გასცდენია პარლამენტის პერიმეტრს, მაგრამ როდესაც პასიური კორდონი ვეღარ იგერიებდა აგრესიულ ადამიანებს, ისინი იძულებული იყვნენ, გამოეყენებინათ კანონით დადგენილი საშუალებები“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

მისი თქმით, ვინც ძალა გადაამეტა, ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე, როდესაც დასრულდება გამოძიება, გამოძიებას კი, შესაბამისი ვადები აქვს.

 

„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიება ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფს კავშირს მედიასთან და საზოგადოებასთან. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის. მთავარია, ამ ყველაფერს მიეცეს სწორი და ობიექტური შეფასება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner