logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ე. წ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს ისე განუცხადებია, რომ ჩვენთან კოალიციას არ შექმნის, თითქოს ვინმე კალთებს ახევდეს
- +

17 ივლისი. 2019. 17:31

 

 

„ერთადერთი დოგმა, რაც შეიძლება საკუთარ თავს დავუწესოთ, არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვითანამშრომლებთ“, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიეროვნული ძალაა და „ქართული ოცნება“ ცალსახად არ აპირებს მასთან არანაირ ფორმატში თანამშრომლობას.

 

„მე მგონი, ბუნებრივია პოზიცია, როგორც მმართველი პარტიის ლიდერის, ასევე თითოეული ჩვენგანის იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიასთან, რომელიც ყველა თავისი მოქმედებით, ყველა თავისი განცხადებით, შედეგთან მიმართებაში არის ანტიეროვნული და ამ ქვეყნისთვის ცუდ რაღაცებს აკეთებს, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არ შეიძლება თანამშრომლობა და მითუმეტეს, კოალიციაზე საუბარი. მგონი, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ,

 

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებას, რომ „ევროპული საქართველო“ არ აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას. მდინარაძის თქმით, მათ არც არავინ „ახევს კალთებს“.

 

„ე. წ. „ევროპული საქართველოს“, ანუ პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელს ისე განუცხადებია, რომ კოალიციას ჩვენთან არ შექმნის, თითქოს ვინმე ეპატიჟებოდეს და ვიღაც ერთი წლით ადრე კალთებს ახევდეს, გინდა თუ არა ჩემთან უნდა შექმნა კოალიციაო. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ იმ ძალებთან, იმ პარტიასთან, თუნდაც მის შტოებთან, რომელიც ყველა თავისი განცხადებით, ყველა თავისი მოქმედებით ქართული სახელმწიფოს ინტერესს აზიანებს, არავინ აპირებს თანამშრომლობას. ვინც ამ ორბიტიდან არის გასული და შეიძლება სახელმწიფოებრივად აზროვნებდეს, ვისაც შესაძლოა, თავისი სამშობლო უყვარდეს, ნებისმიერ პარტიასთან შეიძლება თანამშრომლობა, მათ შორის, კოალიციაზე საუბარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner