logo_geo
eng_logo
ლაშა დარსალია: რეგულარულ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე
- +

18 აგვისტო. 2019. 12:48

 

„პერიოდულად იძაბება ვითარება საოკუპაციო ხაზთან, ჩვენ რეგულარულ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე და ასეთი ინციდენტების პრევენცია მოხდეს“,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

 

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგები, რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას.

 

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულ პირებს, ლაშა დარსალიას თქმით, ყველა მექანიზმი ამოქმედებულია რომ დროულად მოხდეს საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.

 

„როგორც იცით, გატაცებულია 7 ადამიანი, კიდევ ერთი გაიტაცეს. ყველა მექანიზმი ჩართულია, როგორც ცხელი ხაზი, ასევე მე მუდმივ კონტაქტზე ვარ თანათავმჯდომარეებთან. რაც შეეხება ბოლო დროს გააქტიურებას, შეიძლება ითქვას, რომ პერიოდულად იძაბება ვითარება საოკუპაციო ხაზთან და ეს არის ზოგადად, შედეგი იმ საოკუპაციო რეჟიმის, რომელიც ადგილზე გვაქვს და რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავის არაადამიანურ სახეს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მუდმივ რეჟიმში იყოს ორგანიზებული და შესაბამისი რეაგირება ხდებოდეს. ვნახეთ, ბოლო დღეებში როგორ აქტიურად გამოეხმაურნენ ჩვენი პარტნიორები ამ საკითხებს, გაეროს უშიშროების საბჭოზეც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება. ვაგრძელებთ მუშაობას რომ ეს ინციდენტები, რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას. ჩვენ რეგულარულ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე და მოხდეს ასეთი ინციდენტების პრევენცია“,- განაცხადა დარსალიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner