logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებიდან, ზოგიერთი სუფთა კრიმინალითაა დაკავებული
- +

20 აგვისტო. 2019. 21:02

 

 

გუშინ უკრაინული მედიასაშუალებების მიერ გახდა ცნობილი, რომ ნიღბიანი და შეირაღებული სამი მამაკაცი ბორისპოლის რაიონის ერთ–ერთ სოფელში კერძო მეწარმის სახლს დაესხა თავს, მათ ოჯახის წევრები დააბეს, ძვირფასეულობა და თანხა წაართვეს და ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელები კიევი–ბორისპოლის ავტომაგისტრალზე დააკავეს, საიდანაც ისინი თითქოს აეროპორტში მიემართებოდნენ.

 

ეს პირები საქართველოდან წასული, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, შსს–ს ყოფილი თანამშრომლები იყვნენ – მირიან გოჩაძე, თენგიზ ზანაძე და ლევან ხუციშვილი.

 

„პრაიმტაიმმა“ ამ ფაქტზე კომენტარი ექსპერტ მამუკა არეშიძეს სთხოვა:

 

„ჩემი ინფორმაციით, მირიან გოჩაძე და თენგიზ ზანაძე სპეციალური დანიშნულების რაზმის  თანამშრომლები იყვნენ. რაც შეეხება მათ ქმედებას, სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, რადგან ხშირ შემთხვევაში, საქართველოდან წასული ის ადამიანები, რომლებიც უსაქმოდ არიან ამა თუ იმ უცხოურ ქვეყანაში, იმ საქმით კავდებიან, რომელიც უკეთ გამოსდით, კრიმინალები იქნებიან ეს თუ ყოფილი ძალოვანები. ზოგიერთი სხვადასხვა ტიპის შეიარაღებულ ფორმირებაში იბრძვის, ზოგიერთი სუფთა კრიმინალითაა დაკავებული და ა.შ.

 

ვიცი, რომ 2012 წლის შემდეგ აქედან წასული ყოფილი ძალოვანებისა და სამხედროების უმეტესობა მიშა სააკაშვილის გარშემო ტრიალებენ, ან მათ გარკვეულ კურატორობას უწევდა აქედან წასული ყოფილი მაღალჩინოსანი – გია ლორთქიფანიძე. ახლა ეს ხალხი რამდენად იყო ჩართული იმ სტრუქტურებში, რომლებიც მაშინ გია ლორთქიფანიძემ და კიდევ, ზოგიერთმა აქედან წასულმა ყოფილმა პოლიციელმა შექმნეს, არ ვიცი, მაგრამ ეტყობა ბოლო წლებში ამ ადამიანებმა თავიანთი ფუნქცია დაკარგეს, საქმეს ვეღარ აკეთებდნენ და ამის გამო, იძულებულნი გახდნენ, კრიმინალის გზა აერჩიათ“, - აღნიშნა არეშიძემ.

 

- ასეთი რადიკალური ცვლილება?

 

- იცით, არ მიკვირს, რადგან ხშირად, კომედიიდან ტრაგედიამდე ერთი ნაბიჯია ხოლმე. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან დიდ ფულზე იყო საუბარი, აქ ისინი ხომ პრაქტიკულად დაკავებული იყვნენ არა ბანალური ქურდობით, არამედ, სერიოზული ფულის გამოძალვით ბიზნესმენებისთვის. ამიტომაც არ მიკვირს.

 

- დასაშვებია, რომ მათ უკან ახლაც სააკაშვილი ან მისი იქაური გუნდი იდგეს და ეს ყველაფერი რაღაც სხვა მიზანს ემსახურებოდეს? თუნდაც, მაგალითად, იმ კონკრეტული მეწარმის დაშინებას 90–იანებში (და შემდგომაც) საქართველოში კარგად ნაცადი მეთოდებით. რადგან, როგორც არაოფიციალურადაა ცნობილი, ეს ადამიანები აქ საკმაოდ დიდ ქონებას ფლობენ და ერთ სახლში ნაქურდალი მათთვის რისი მომცემი იქნებოდა?

 

- არ ვიცი, რაიმე სერიოზულ ქონებას ფლობდნენ თუ არა ისინი. ახლა და ამ კონკრეტული შემთხვევის უკან რომ სააკაშვილი იდგეს, მე ამაში ეჭვი მეპარება. თუმცა, თავის დროზე, მათ უკან, რასაკვირველია, იდგა მიხეილ სააკაშვილი, როგორც აღვნიშნე, მისი იმედით ჩავიდნენ უკრაინაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner