logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: შემუშავებული გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომელიც განათლების ყველა კომპონენტს მოიცავს
- +

8 სექტემბერი. 2019. 17:28

 

განათლების სისტემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე საკანონმდებლო ორგანოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა უპასუხა. ბატიაშვილის განცხადებით, გრძელვადიანი გეგმა, რომელიც განათლების სფეროს ყველა მიმართულებას მოიცავს, უკვე შემუშავებულია.

 

„შემუშავებული გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს განათლების ყველა კომპონენტს. საკმაოდ ბევრი გამოწვევაა, დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებით დასრულებული პედაგოგების პირობების გაუმჯობესებით. შემუშავებული გვაქვს გეგმა, რომელიც გულისხმობს თითოეული მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს. ყოველწლიური დაფინანსების პირობებში საკმაოდ ბევრი ამოცანის გადაჭრა გვაქვს დაგეგმილი 2022 წელს. შემოდგომიდან პირობები გაუმჯობესდება იმ პედაგოგებს, რომელმაც კვალიფიკაცია დაადასტურეს. ჩვენ რეფორმა ფაქტობრივად ორი პარალელური გზით მიმდინარეობს: ერთი ეს არის პირობების გაუმჯობესება და მეორეა პედაგოგების მხრიდან ხარისხობრივი გაუმჯობესება, რამაც სკოლებში, ადგილზე უნდა მოგცეს შედეგი. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში პირობების გაუმჯობესებას, ჩვენ შემოდგომაზე წარვადგენთ დაფინანსების ახალ მოდელს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების მიდგომას შეცვლის“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

 

მეცნიერების ნაწილში, მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, დაფინანსება 2013 წლის შემდეგ 2-ჯერ არის გაზრდილი და დღეის მდგომარეობით 27 მილიონს შეადგენს, ცალკე გამოყოფილია შოთა რუსთაველის ფონდი, რომელიც ასევე აფინანსებს მეცნიერებს. ბატიაშვილის ინფორმაციით, პირობების გაუმჯობესება მეცნიერების მიმართულებითაც ყოველწლიურად იგეგმება.

 

„სკოლამდელ განათლებაზე დაისვა რამდენიმე კითხვა. გეტყვით, რომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ. სკოლამდელი განათლება არ ითვლებოდა სასწავლო კომპონენტად. ჩვენ, როგორც სკოლის მიმართულებით, ისე ბაღების მიმართულებით დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს ეხება როგორც პირობების გაუმჯობესებას, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილსაც. ერთი წლის განმავლობაში ბევრ სიახლეს შევთავაზებთ და ბევრ პრობლემას გადავჭრით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა უმცირესობებში ქართული ენის გაძლიერება. ვიცით, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გასაძლიერებელია და სამუშაო ბევრი გვაქვს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner