logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი ეთანხმება სამთავრობო პროგრამის იმ აქცენტს, რომ მთავარი ორიენტირი ადამიანური კაპიტალის განვითარებაა
- +

8 სექტემბერი. 2019. 17:47

 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ეთანხმება პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. მისი თქმით, ამ ხელისუფლების მოსვლის დღიდან მათი მთავარი ორიენტირი იყო ადამიანი.

 

„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც თითქმის ყველა დამნაშავეშიც ადამიანს ვეძებდით, განსხვავებით ჩვენი ყოფილი ხელისუფლებისა, რომლებიც ყველა ადამიანში  ეძებდნენ დანაშაულს“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

 

მან ასევე ისაუბრა ჩვენი ქვეყნის სპორტული მიღწევების შესახებ და აღნიშნა, რომ მიუხედავად მაღალი მიღწევებისა, სპორტში მრავალი წარმატებისა აუცილებელია ყველამ  გავითავისოთ, რომ ყველა ადამიანის ყოფით ნაწილში უნდა შევიდეს ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი. ამისათვის კი საჭიროა შესაბამისი გარემოსა და ინფრასტრუქტურის შექმნა, რომლის თაობაზეც  მჭიდროდ თანამშრომლობენ  შესაბამის სამინისტროებთან.

 

მიხეილ ყაველაშვილი თავის გამოსვლაში 20 ივნისი მოვლენებსაც შეეხო და თქვა, რომ ის რაც მოხდა, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა.

 

„ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისე გუნდში. აქ მარტო გიორგი გახარია არ ყოფილა, აქ ვიყავით ყველა ჩვენთაგანი და ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობით მოხდა თითოეული ნაბიჯის გადადგმა. ეს არის მთავარი და აქ არ შეიძლება რომელიმე პიროვნება გამოვყოთ ამ ღამესთან დაკავშირებით. ეს იყო შტურმის მცდელობა, მე თვითონაც ვაკვირდებოდი, ვადევნებდი თვალყურს და გადავრჩით, დიახ, გადავრჩით ამ საშინელი ძალის რევანშისტული განწყობებისგან, ეს უნდა ვიცოდეთ და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ჩემი შვილების თანატოლები გამოთქვამდნენ სრულიად გულწრფელ პროტესტს, თუმცა  მაშინვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ის ძალა, რომელიც დომინირებდა,  ამ ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა ცდუნებაში ჩააგდებდა და ესეც მოხდა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც წარმატება უსურვა გიორგი გახარიას და მის გუნდს და თქვა, რომ ყველა ის პროცესი და პროგრამა, რომელიც უკვე  აქვთ სამინისტროებს, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner