logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ჩვენ დეტალურად ვუპასუხეთ თითოეულ კითხვას, მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობა“ უბრალოდ გაიქცა დარბაზიდან...
- +

8 სექტემბერი. 2019. 18:34

 

„ჩვენი ხელისუფლება დიდ პატივს სცემს ქვეყნის თითოეულ ამომრჩეველს და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დეტალურად უპასუხეს თითოეულ კითხვას“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ ერთი დიდი ტყუილი თქვა და  20 ივლისს დაზარალებული ადამიანი გამოიყენა, შემდეგ კი სხდომათა დარბაზიდან გაიქცა.

 

ჟურნალისტების კითხვას, პრემიერ-მინისტრად მისი წარდგენა უკავშირდება თუ არა მმართველი გუნდის მზადებას არჩევნებისთვის, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მომავალი არჩევნებისთვის სამზადისი მოგებული არჩევნების მეორე დღესვე იწყება.

 

„ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება, დიდ პატივს სცემს ამ ქვეყნის თითოეულ ამომრჩეველს, მათ შორის ოპოზიციის ამომრჩეველსაც და ეს ფაქტია. ჩვენ მათ ვესაუბრებით. მათი პატივისცემით ჩვენ დავდექით და დეტალურად ვუპასუხეთ თითოეულ კითხვას, მაშინ, როდესაც მინისტრების მოსმენის დროს, ჩვენმა კოლეგებმა არც იკადრეს უბრალოდ დისკუსიაში შემოსვლა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ გაიქცა დარბაზიდან, „ევროპულმა საქართველომ“ კი უფრო დიდი სასწაული გააკეთა. მათ უბრალოდ ხელში ჩაიგდეს მიკროფონი, კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება არ მომცეს და თქვეს, რომ თუ მოგვეწონება რასაც გვეტყვით, მაშინ ჩაგირთავთ მიკროფონსო. თუ არ მოგვეწონება - არ ჩაგირთავთო. მე მართლა ვერ ვხედავ, რა განსხვავება იყო ამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვსა და ბატონ სერგი კაპანაძეს შორის. სერგი კაპანაძე არის ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი. სხვა განსხვავება იქ არ არის, იმიტომ, რომ ადამიანი, რომლის პარტიას ჰქვია „ევროპული საქართველო“ და რომელიც გველაპარაკება ევროპულ დემოკრატიულ ფასეულობებზე, იჯდა და უყურებდა, ბატონი გიგა ბოკერია როდის მისცემდა ბრძანებას, რომ  ღილაკისთვის ხელი დაეჭირა და მიკროფონი გაეთიშა. ჩემთვის ეს მიუღებელია. სწორედ ამიტომ ვთქვი მე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ პერსონალურად არავის ვერჩით, მაგრამ ასეთ პოლიტიკურ კულტურას ჩვენ დავასრულებთ და ამაში დაგვეხმარებიან ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner