logo_geo
eng_logo
ანდერს ფოგ რასმუსენი: ვფიქრობ, საქართველომ გაიარა დიდი გზა და მიაღწია დიდ შედეგებს
- +

10 სექტემბერი. 2019. 11:39

 

„საქართველო რეფორმების საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს და გააგრძელოს რეფორმები, არა მხოლოდ სამხედრო სექტორში“, – ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, განსაკუთრებით სამხედრო კუთხით.

 

„ვფიქრობ, საქართველომ გაიარა დიდი გზა და მიაღწია დიდ შედეგებს. განსაკუთრებით სამხედრო კუთხით, თქვენ აჩვენეთ NATO-ს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ ასევე გააფართოვეთ რეფორმების მასშტაბი. უპირველეს ყოვლისა, გააძლიერეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ა.შ. თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს გზა.

 

ასევე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი ასპექტი როგორც საქართველოში, ისე NATO-ს შიგნით, ეს არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი. თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც NATO-სგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია – როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. NATO-ში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იგივე კითხვას“, – განაცხადა რასმუსენმა.

 

მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი იყო გერმანიის შემთხვევაში.

 

„ჩვენ გვქონდა მსგავსი პრეცედენტი. მე გერმანიას ვგულისხმობ, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყო დაყოფილი. გერმანია NATO-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. NATO-ს წესები არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა როდესაც გერმანია გაერთიანდა 1991 წელს NATO-ს წესდებამ დაფარა აღმოსავლეთ გერმანიაც. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ის არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე NATO-ში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დეფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner