logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: სამწუხარო ფაქტია, მაგრამ...
- +

10 სექტემბერი. 2019. 16:21

 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სასტუმრო „რუმსში“, საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს არასასიამოვნო ფაქტად აფასებს.

 

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, ქვეყნისთვის ეს კონფერენცია ძალიან საინტერესო და ღირებულია.

 

მისი თქმით, ყველა ექსპერტი, რომელიც კონფერენციაზე იმყოფება, მათ შორის საქართველოს ამერიკელი მეგობრები, მთლიანად ორიენტირებული არიან, რომ საქართველო უკეთესი სახელმწიფო იყოს.

 

„რაც შეეხება ინციდენტს, ჩემთვის პირადად არასასიამოვნო იყო. ერთი მხრივ, არის კონფერენცია, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ ტარდება და მეორე მხრივ, არის კოლეგა, რომელსაც სურდა, თავისი პოლიტიკური შეხედულებების დაცვა და ის ვიხილეთ, რაც მოხდა. ზოგადად დემოკრატიას საკუთარი აზრის დაცვა ახასიათებს. ინაშვილს თავისი პოლიტიკური პოზიციები აქვს, არ დაუმალავს და ცდილობდა, თავისი პოზიციების დაცვას, რაც გასაკვირი არ არის. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემი და ირმა ინაშვილის საგარეო პოლიტიკური ხედვა არის რადიკალურად განსხვავებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის მიმართ პიროვნულად და პოლიტიკურად უნდა ვიყო უმწვავეს დაპირისპირებაში, მას თავისი აზრი აქვს. ჩემთვის ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ მიმდინარეობს, ხმაური იყო.  კონფერენციაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიერი ირმა ინაშვილი მივიდა, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა. ცოტა ხნის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებსა და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner