logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: საქართველო NATO-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად
- +

10 სექტემბერი. 2019. 16:45

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დადგება და ქვეყანა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება NATO-ს წევრი.

 

ჟურნალისტებთან საუბარში სესიაშვილი NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია ყველა ცივილიზებული სუბიექტის მხრიდან.

 

„საქართველო NATO-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, რაც გარდაუვალი საკითხია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დადგება. რაც შეეხება რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, მისი მოსაზრება არსებობს NATO-ს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე. ანუ, შეუძლია თუ არა საქართველო NATO-ს წევრი თავისი ტერიტორიული მთლიანობით გახდეს, თუმცა მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხოს ისე, როგორც ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში მოხდა.

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყველა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებულია და საქართველო NATO-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად. ამ თემაზე ოფიციალური განხილვა არასოდეს ყოფილა, ეს არის მხოლოდ ექსპერტების მოსაზრება, ეფუძნებიან რა გამოცდილებას“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობით გახდება NATO-ს წევრი.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  მიმდინარეობს, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ NATO-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს NATO-ში.

 

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი, მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner