logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანმა მიროსლავ ლაიჩაკთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ქმედებების საკითხი განიხილა
- +

10 სექტემბერი. 2019. 18:28

 

დავით ზალკალიანმა დღეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. დავით ზალკალიანმა მიროსლავ ლაიჩაკს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ, მავთულხლართების, ხელოვნური ბარიერების და  ე.წ. „სასაზღვრო ნიშნების“ აღმართვაზე.

 

შეხვედრაზე მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს საოკუპაციო რეჟიმის ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რითიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე დაიხურა ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და ადგილზე ქმნის ჰუმანიტარულ კრიზისს.

 

„ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იყო ბოლო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, ჩორჩანასთან და გუგუტიანთკართან მიმდინარე უკანონო პროცესები. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ხაზი გავუსვით ამ პროცესის მიუღებლობას და იმის აუცილებლობას, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი და მათ შორის, ეუთოს თანათავმჯდომარეები აქტიურად უნდა  ჩაერთონ ამ პროცესში, ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში. ჩვენი მხრიდან ამის მზაობა არის, მაგრამ ქმედებები, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში. ისინი სრულად კეტავენ ცხინვალის რეგიონთან ხაზს, რაც მიანიშნებს იმას, რომ ეს არის ერთიანი, მთლიანი პროცესი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ გვაიძულონ და ჩავერთოთ უკანონო დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, რაც, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არის მთავარი, ძირითადი პრინციპი. ჩვენ, პირიქით მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ინცინდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებების მაგიდასთან მოხდეს ყველა არსებული საკითხის განხილვა და დაუყოვნებლივ შეწყდეს ის უკანონო ქმედებები, რომელიც იყო დაგმობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ  მომავალშიც აუცილებლად აქტიურად გამოვიყენებთ ყველა ფორმატს, მათ შორის, ჟენევის ფორმატს და გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner