logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გაყინულია
- +

10 სექტემბერი. 2019. 22:26

 

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ძალიან იშვიათ შემთხვევაშია წარმატებული ტექნიკური საკითხების მოგვარებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების მასპინძლობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ეს ოკუპაციის 11 წელი და მძიმე ტრაგედიაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ძალიან განიცდის. ხშირად გვავიწყდება, რომ მას წინ უსწრებდა 16 წლიანი ჯერ ღია, შემდეგ კი, გაყინული კონფლიქტები. ბევრი არაფერი შეცვლილა ამ დროის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 % კვლავ ოკუპირებულია, ადმინისტრაციული ხაზი განუწყვეტლივ იცვლის ადგილს და გამშვები პუნქტები უმნიშვნელო მიზეზების გამო იკეტება, რაც ხელს უშლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

 

თითოეული ჩვენი მოქალაქე მოკლებულია ადამიანის უფლებების დაცვას, ჯანდაცვის შესაბამისი სერვისებით სარგებლობას. ზოგიერთისათვის აკრძალულია მშობლიურ, ქართულ ენაზე სწავლება, ისევე როგორც ზოგიერთებისათვის აკრძალულია აფხაზურ ან ოსურ ენებზე სწავლება. ჩვენ ასევე მომსწრენი ვართ, გალში ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით გამოვლენილი გახშირებული დარღვევებისა.

 

ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე სოფლებიდან იტაცებენ საქართველოს მოსახლეობას, ითხოვენ გამოსასყიდს და ზოგიერთ შემთხვევაში აწამებენ და კლავენ მათ. ამის მიზეზად კი, ოფიციალურად არარსებული საზღვრის დარღვევა და უპატივისმცემლობა მოაქვთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა..

 

მისი თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ძალიან იშვიათ შემთხვევაშია წარმატებული ტექნიკური საკითხების მოგვარებაში. ზურაბიშვილის განმარტებით, ამ ორივე ფორმატის მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, მუდმივად იშლება.

 

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარე ზაფხულმა, 20 ივნისის მოვლენებმა - საქართველოს მოსახლეობის სპონტანურმა რეაქციამ და მისი უფრო ღრმა და ფართო გაღიზიანების გამოხატულებამ, აჩვენა ამ სტატუსქვოს ლიმიტი.

 

„საზოგადოების არც ერთი ნაწილი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა არ უნდა შეეგუოს ამ გაყინულ ვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების გამყოფ ხაზს, რაც ჩვენთვის განუკურნებელ ღია ჭრილობას წარმოადგენს.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო მყიფე ხდება - მეტი პროვოკაცია, მეტი მძევლები, მეტი ინციდენტი - ეს სიტუაცია ნებისმიერ დროს შესაძლოა კიდევ გამწვავდეს. ჩვენი პასუხისმგებლობა, უპირველესად, ვითარების გამწვავებისა და პროვოკაციების აცილებაა. საქართველოს პასუხი პროვოკაციებზე ორმხრივია.

 

პირველი იყო - შერიგებისა და გაერთიანებისათვის არსებული ყველა ღია გზის შენარჩუნება. ჩვენ გვჭირდება, განვაგრძოთ ვითარების მშვიდოებიანი გადაჭრის გზების ძებნა. ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებისაგან გამოსაყვანი გზა. ეს ყველაფერი ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ნაწილია.

 

ჩვენი პოლიტიკა იმ მშვიდობიანი ნაბიჯებისაგან შედგება, რომლებიც მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისაკენ. განათლების და ჯანდაცვის პროგრამებისა და ბიზნესშესაძლებლობებით ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კავშირები მათთან.

 

ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა თავშეკავებულობის პოლიტიკაა. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს შეიარაღებული ძალები არ არის განლაგებული. ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად განთავსებულია მხოლოდ საპოლიციო ძალები. ჩვენ ჩვენი ნებით, ვთქვით უარი ძალის გამოყენებაზე. ჩვენ ვართ ერთადერთი მხარე ვინც ეს გააკეთა.

 

ჩვენი პასუხია არშეგუება! არ უნდა მივცეთ ნება კონფლიქტსა და ოკუპაციას გავლენა მოახდინოს ჩვენი ბედის თავისუფალ განსაზღვრაზე.

 

ჩვენი პასუხია -  NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება და ზრდა, დემოკრატიული განვითარება არჩევნებიდან არჩევნებამდე, სტაბილურობა, ტოლერანტობა, ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილურობის კუნძული პრობლემურ რეგიონში და ჩვენ არაფერს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ გადაგვახვევინოს ამ გზიდან. ასეთია ჩვენი სიმტკიცე და ეს სიმტკიცე ჩვენი გამარჯვებაა! ჩვენ არ უნდა მივცეთ დესტაბილიზაციის მცდელობებს ჩვენს მოთმინებაზე გამარჯვების უფლება. თუმცა უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის.

 

ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ეფექტიან დიპლომატიაზე. ძალა არ არის გამოსავალი. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო ძალის მქონე, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ გიგანტს უპირისპირდება, ქვეყანას, რომელმაც აჩვენა, რომ თავისი მიზნების მისაღწევად მზადაა ძალა გამოიყენოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ზურაბიშვილის თქმით, ჩვენთვის ვითარების მშვიდობიანი გადაწყვეტა უალტერნატივოა. დიპლომატიის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

 

„2008 წელი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ სამხედრო დაპირისპირებას ვერ მოვიგებთ. თუმცა იყო პატარა, არ ნიშნავს შეეგუო ბედისწერას. ვიცი, რომ საქართველოს შეუძლია იპოვოს გამოსავალი. ეს რწმენა, ნაწილობრივ, ჩემი წარსულიდან მოდის. ქართული ემიგრაციას, რომელსაც 70 წლის განმავლობაში არასოდეს შეჰპარვია ეჭვი საქართველოს დამოუკიდებლობაში. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, შევძელი და 2005 წელს წარმატებით დავასრულე მოლაპარაკებები რუსეთთან, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ. აქედან გამომდინარე, ვიცი, რომ წარმატებას ორი პირობა აქვს - საერთაშორისო მხარდაჭერა და ეროვნული ერთობა.

 

შესაბამისად, გვჭირდება, რომ ვიმუშაოთ ორი მიმართულებით: პირველი - უნდა გავითავისოთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზა და არ მივცეთ პოლიტიკურ კონიუნქტურას უფლება შეგვიყვანოს ილუზიებში.

 

რეალიზმი და ამბიცია - ეს არის ამ გარდამავალ პერიოდში, ჩვენი პოლიტიკა ბრიუსელში - ევროკავშირსა და NATO-ოში.

 

ჩვენ გვესმის ის ობიექტური სირთულეები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ნაკლებობა, როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ასევე ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილებები საქართველოს ნაკლოვანებებით და პროგრესის სიმცირით არ არის განპირობებული.

 

მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ამ რეალობას დროებით შევეგუოთ, ვართ ამბიციურები და უნდა დავინახოთ კონკრეტული პრაგმატული დაახლოება კონკრეტული პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის, რათა ვაცოცხლოთ ჩვენი მამოძრავებელი ძალა და ჩვენი ხალხის იმედი.

 

ჩვენ აქტიურად უნდა ჩავრთოთ ჩვენი პარტნიორები კონფლიქტის გადაჭრის საკითხში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner