logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: NATO-ში გაწევრიანების თემა ძალიან აიგდეს და ფეხქვეშ გათელეს
- +

12 სექტემბერი. 2019. 16:04

 

„NATO-ში გაწევრიანების თემა ძალიან აიგდეს და ფეხქვეშ გათელეს, რაღაც პოლიტიკური კომენტარები დაადეს ზემოდან და არ ვიცი, კიდევ რა შედარება მოვიტანო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა კითხვაზე, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ შეთავაზებული შანსის გამოყენებაზე უარი უთხრა.

 

მისი თქმით, NATO-საქართველოს საბჭო არსებობს და ამ ფორმატში სხვადასხვა ვარიანტი იხილება.

 

„ახლა ოპოზიცია ან ვიღაც ქუჩაში დარჩენილი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თავი გამოიჩინონ. რასმუსენმა საფრთხეებზეც და გერმანიაზეც ილაპარაკა. აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაზე. ასევე რუსეთთან მუშაობაზე, იმ საფრთხეებზე. რასმუსენი ახლა როგორც ექსპერტი ისე საუბრობს, მაგრამ კიდევ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ NATO-ს შემადგენლობაში არ არის ერთგვაროვანი მოსაზრებები უამრავ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის წესდების ცვლილებისთვის, როგორც აპატურაიმ აღნიშნა, მზად არ არიან.

 

ხელისუფლება მუშაობს, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს, NATO-სთან სამაგალითო ურთიერთობები ჰქონდეს, როგორიც აქვს და ჰქონდეს სამომავლო გეგმა, ისეთი, რომელიც შეესაბამება NATO-ს და საქართველოს ერთობლივ ინტერესებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იმავე კითხვას უნდა უპასუხონ NATO-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს NATO-ში.

 

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner