logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გაწევრიანდეს NATO-ში
- +

12 სექტემბერი. 2019. 17:24

 

„ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნა ცალსახად ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანია ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო აკმაყოფილებს NATO-ს ყველა ძირითად მოთხოვნას და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები თავსებადია მის სტანდარტებთან.

 

„ბუქარესტის სამიტზე NATO-მ და ჩვენმა პარტნიორებმა ნათლად თქვეს, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და საქართველოსთვის NATO-ს კარი ღია არის. ჩვენი ქვეყანა არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და საქართველო აკმაყოფილებს NATO-ს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენი სისტემები, დემოკრატიული ინსტიტუტები თავსებადია უკვე NATO-ს სტანდარტებთან.

 

რაც შეეხება გაწევრიანების გადაწყვეტილებას, ასეთი გადაწყვეტილება და მასზე კონკრეტული წინადადების განხილვა უნდა მოხდეს ჩვენი ძირითადი პარტნიორების და NATO-ს ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ განხილვა მოხდეს გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქმე რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ამ თანამშრომლობის ფარგლებში და ჩვენი სტრატეგიული მზადყოფნა ცალსახად ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანი არის გაწევრიანება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იმავე კითხვას უნდა უპასუხონ NATO-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს NATO-ში.

 

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner