logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე პირის შეწყალება კატეგორიულად მიუღებელია
- +

17 სექტემბერი. 2019. 17:31

 

 

„როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე იწყალებ ადამიანს, კატეგორიულად მიუღებელია, ჩემი აზრით, ამას მარტივი ახსნა ნამდვილად ვერ ექნება“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, მაგრამ გადაწყვეტილება „ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს“.

 

„პოლიციელის მკვლელის შეწყალების ამბავი როდესაც გავიგე, მეორე დღესვე გავაკეთე კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და მაშინ ვთქვი კიდევაც, რომ ადმინისტრაციამ ალბათ დეტალური განმარტება უნდა გააკეთოს ამაზე და იმ შეწყალების აქტში, როგორც ჩანს, სხვა ალოგიკური საკითხებიც მოხვდა. ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი. მართალია, კი ბატონო, რომ შეწყალების უფლება არის ექსკლუზიური უფლება პრეზიდენტის, მაგრამ არსებობს გარკვეული ლოგიკა, რა ლოგიკაში ალბათ ეს ყველაფერი უნდა ჯდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება ამაზე ძალიან ცუდად რეაგირებს და მართლებიც არიან. როდესაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე იწყალებ ადამიანს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და მას უნდა ჰქონდეს თავისი ახსნა. ჩემი აზრით, ამას მარტივი ახსნა ნამდვილად ვერ ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

​ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს საკითხი და დაიწყონ „სპეციფიურ ნორმებზე“ საუბარი.

„წინასწარ ამის რეგულირებაზე არანაირი საუბარი შეიძლება იყოს. ჩვენ შეიძლება დავსვათ დღის წესრიგში საკითხი, რომ გარკვეულ სპეციფიურ ნორმებზე შეიძლება ვიფიქროთ, მაგრამ როგორ და რა გზით, რა სამართლებრივი ხერხებით, ამაზე წინასწარ საუბარი არ შეიძლება. თუმცა ფაქტია, მოცემულობაა, რომ გადაწყვეტილებების კატეგორიულად მიუღებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, იფიქრო რაღაც რეგულირებებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner