logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის
- +

18 სექტემბერი. 2019. 19:09

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციის შემდგომ.

 

კახა კალაძე იულიხის კვლევით ცენტრთან მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ქუთაისის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით მაინც გამორჩეულია:

 

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია ვიხილეთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ არის პირველი პროექტი, რომელსაც "ქართუ" განათლების სისტემაში ახორციელებს. თუმცა, ქუთაისის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით მაინც გამორჩეულია. მივესალმები იმას, რომ გაფორმდა მემორანდუმი იულიხის კვლევით ცენტრთან“, - განაცხადა კალაძემ.

 

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა გაშენდება 170 000 კვ მეტრზე. მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და, დაახლოებით, 1 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება:

 

„2020 წლის შემოდგომაზე სტუდენტები უკვე სწავლის დაწყებას შეძლებენ. პირველ ეტაპზე, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა გაშენდება 170 000 კვ მეტრზე. მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და, დაახლოებით, 1 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება. დღევანდელი პრეზენტაციით ფარდა აეხადა იმ სიცრუეს, რომელსაც ამ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ვისმენდით. ჩვენ ქმედითი კონკრეტული ნაბიჯებით გავაქარწყლეთ სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები. კიდევ ერთხელ მადლობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის. განათლება არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, მომავალი თაობებისთვის. ჩვენ, რაც შეიძლება, მეტი განათლებული ახალგაზრდა გვჭირდება, რათა შემდეგ მათი ცოდნა ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.

 

უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს.

 

ღონისძიებას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner