logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით, მესამე მოსმენით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო
- +

20 სექტემბერი. 2019. 18:54

 

 

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ კოდექსით დავიცავთ ჩვენს ბავშვებს, გავაძლიერებთ ოჯახებს და მივცემთ ბავშვებს უკეთეს განათლებას. ეს კოდექსი გრძელვადიან პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ბავშვს გამოიყვანს სიღარიბიდან და ძალადობის ჭაობიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივად, ჩვენს ბავშვებს მივცემთ ნათელ და კარგ მომავალს“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

 

კოდექსი სრულად 2020 წლის 1 ივნისს ამოქმედდება. მანამდე კი სახელმწიფოს სხვადასხვა  უწყებებს  ვალდებულება ეკისრება,  შეიმუშავოს  მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები, პროექტები და ტექნიკური სტანდარტები.

 

გარდა ამისა, კოდექსის სრულად ამოქმედებამდე, საქართველოს პარლამენტი ვალდებულებას იღებს, 2019 წლის 1 ნოემბრამდე შეიმუშავოს და დაამტკიცოს კოდექსის ინპლემენტაციის სამოქმედო გეგმა.

 

სამოქმედო გეგმაში დაზუსტდება რეგულაციების შემუშავების თარიღები და სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების პასუხისმგებლობები. გეგმის აღსრულებას ზედამხედველობას კი,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გაუწევს.

 

მიუხედავად იმისა, რომ კოდექსის ფარგლებში, ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბევრი ახალი პროექტი უნდა შემუშავდეს, უკვე ცნობილია რამდენიმე სიახლე, რომელიც კანონშია ასახული. ბავშვები 18 წლამდე უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ, გარდა ამისა კოდექსის მიხედვით, ყველა სახელმწიფო უწყება  ვალდებული ხდება ბავშვებს დაახვედროს მეგობრული და ადაპტირებული გარემო, სადაც მათ მომსახურებას გაუწევენ   ბავშვთა დაცვის სფეროში, სპეციალიზირებული საჯარო მოხელეები.  კოდექსის მიხედვით, ბავშვის ოჯახიდან განცალკევება მოხდება უკიდურეს შემთხვევაში და მის  აუცილებლობას   მხოლოდ მოსამართლე გადაწყვეტს.  ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული ხდება   სოციალურად დაუცველი  ოჯახი უზრუნველყოს   მათზე მორგებული ფინანსური  დახმარებით,  გარდა ამისა  სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი  შეისწავლიან   მშობლების ფსიქიკურ და  სოციალურ მდგომარეობას და დაეხმარებიან  მათ   საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვაში,  რაც მომავალში  მშობლებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ და თავად არჩინონ საკუთარი ოჯახი.

სახელმწიფო ასევე იზრუნებს ალტერნატიული ზრუნვიდან გამოსულ   პირებზე, რომელთაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ გარდამავალ პერიოდში მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ასევე შეიქმნება ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შორის ჩაგვრის (ე.წ. ბულინგის) პრევენციისა და რეაგირების სისტემა - ცხელი ხაზი და კოორდინატორი.

 

კოდექსზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო და მასში ჩართული იყვნენ, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო  არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველი, სასამართლო და დამოუკიდებელი ექსპერტები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner