logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია თამარ ზამბახიძეს: არ მიპასუხოთ ისე, როგორც წიგნებში წერია, მიპასუხეთ თქვენი რწმენით და შეხედულებებით
- +

8 ოქტომბერი. 2019. 17:22

 

„არ მიპასუხოთ ისე, როგორც წიგნებში წერია, მიპასუხეთ თქვენი რწმენით და  შეხედულებებით, ვინაიდან ჩვენ აქ გვჭირდება დავინახოთ ადამიანი, პერსონა, რომელიც, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის, მაგრამ ამასთან, საკუთარი ღირებულებების და რწმენის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ზამბახიძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა მიმდინარეობს.

 

ზაზა გაბუნიამ კანდიდატს რამდენიმე შეკითხვით მიმართა, რომელთა დიდი ნაწილი მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპებთან კანდიდატის დამოკიდებულებას შეეხებოდა.

 

„თქვენი კოლეგების მხრიდან, გასული დღეების განმავლობაში, მოსამართლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ბანგალორის პრინციპების პირველი ღირებულებაა, შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა მოსამართლის პრინციპულობის და დამოუკიდებლობის საკითხებს, ხშირად იყო ასეთი პასუხი მოწოდებული, რომ მაშინ არ იყო სათანადო საკანონმდებლო გარანტიები და ამიტომ, დამოუკიდებლობის და პრინციპულობის ხარისხი იყო უფრო დაბალი. თქვენც მიგაჩნიათ, რომ თუ კანონი არ არის სათანადოდ გამართული, მაშინ მოსამართლეს ეძლევა გარკვეული მორალური დაშვება, უფლებამოსილება ან შესაძლებლობა, რომ უარი თქვას პრინციპებზე და დამოუკიდებლობაზე. ასევე მნიშნელოვანია მითხრათ, რა ღირებულებაა მიუკერძოებლობა, როდესაც ვლაპარაკობთ მოსამართლეზე და გქონიათ თუ რა პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც მიუკერძოებლობა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ?“ -  მიმართა ზაზა გაბუნიამ  თამარ ზამბახიძეს.

 

ზაზა გაბუნია ასევე დაინტერესდა, არის თუ არა ინსტიტუციური და დანერგილი სასამართლო სისტემაში ყველა ის პრინციპი, რაზეც კანდიდატი საუბრობს და ეთანხმება, თუ ეს მხოლოდ მისი ინდივიდუალური ღირებულებებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner