logo_geo
eng_logo
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აღიჭურვა
- +

18 ოქტომბერი. 2019. 12:23

 

„თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, NATO-მ ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა.

 

ახალი ტექნიკის გადმოცემა NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მოხდა.

 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 

„JTEC განაგრძობს ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას. NATO-ს „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ მიერ სატრანსპორტო ტექნიკის გადმოცემით, ვხედავთ ხანგრძლივი, თუმცა ძალიან ნაყოფიერი პროცესის შედეგს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 

მან პროექტში მონაწილე ქვეყნებს ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს JTEC-ის პერსონალის მობილურობისა და ზოგადად, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

 

პროექტი დანიის სამეფოს, გერმანიის, იტალიის, ლიეტუვას, ნორვეგიის, პორტუგალიის, თურქეთისა და გაერთიანებული სამეფოს დაფინანსებით და NATO-ს უზრუნველყოფისა და შესყიდვების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.

 

თავდაცვის მინისტრმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებასა და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა JTEC-ის მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერსპექტივაზე.

 

„JTEC NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამაგალითო შედეგად იქცა, რომელიც, როგორც NATO-სთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, საქართველოს დახმარებას უწევს განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები, გაზარდოს ალიანსთან ურთიერთთავსებადობა და მოგვამზადოს NATO-ს წევრობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ამასთან, საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, როზარია პუგლისის განცხადებით, JTEC არის წარმატების მაგალითი და NATO-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის ხელშესახები შედეგი.

 

„მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში, JTEC-ში მომზადება ათასობით ქართველმა და NATO-ელმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. JTEC არის წარმატების მაგალითი და NATO-საქართველოს დინამიური თანამშრომლობის ხელშესახები შედეგი. ეს არის კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად და დღითი დღე აახლოებს თქვენს ქვეყანას NATO-ში გაწევრიანების მიზანთან“, - აღნიშნა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

 

ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენის თქმით, საქართველოსთვის ავტომანქანების გადმოცემა NATO-ს მხრიდან ცენტრის მიმართ აღებული ვალდებულებების კიდევ ერთი დასტურია.

 

„NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს პირველად 2017 წელს ვეწვიე. სამი წლის შემდეგ, ცენტრის საქმიანობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია. საქართველოსთვის ავტომანქანების გადმოცემა NATO-ს მხრიდან ცენტრის მიმართ აღებული ვალდებულებების კიდევ ერთი დასტურია. 2015 წლიდან, ნორვეგიის მხარეს საკუთარი წვლილი შეაქვს ცენტრის განვითარების საქმეში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩემი ქვეყანა და მთავრობა ამაყია, რომ ამ პროცესის ნაწილია. NATO-საქართველოს სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოში მარტში ჩატარდა საქართველოს თავდაცვის ძალების ინდივიდუალური და ინსტიტუციური განვითარების დასტურია. NATO-ს ძალებთან ურთიერთავსებადობის უზრუნველყოფა სწორედ ცენტრის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, NATO საქართველოში იმაზე მეტად არის წარმოდგენილი, ვიდრე ოდესმე, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა“, - განაცხადა ჰელენა სანდ ანდრესენმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner