logo_geo
eng_logo
„სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაიწყო
- +

18 ოქტომბერი. 2019. 16:04

 

ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა, დაიწყეს თემატური მოკვლევა „სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“, რომლის მიზანია, შეისწავლოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობა, შეამოწმოს აღსრულების პროცესის ეფექტურობა, გამოკვეთოს არსებული პრობლემები, დასახოს მათზე რეაგირების გზები და შესაბამისი ორგანოებისთვის შეიმუშაოს რეკომენდაციები.

 

ჯგუფის შეიქმნის აუცილებლობა რეფორმის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესმა და საზოგადოებაში არსებულმა მოლოდინებმა განაპირობა.

 

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ორგანოში საინფორმაციო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა.

 

„სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არის ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებული ერთ-ერთი მასშტაბური რეფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური იქიდან გამომდინარე, რომ ეხება არა მხოლოდ ავტოტრანსპორტის მფლობელებს არამედ, ყველა  მოქალაქეს. თითოეული ჩვენგანის ინტერესია უსაფრთხოდ გადავადგილდეთ და ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა სწორად და მაღალ დონეზე წარიმართოს  და პროცესში არსებულმა ტექნიკურმა თუ სხვა სახის პრობლემებმა რეფორმას მიზანშეწონილობას, მართებულობას, ლეგიტიმურობას, ჩრდილი არ მიაყენოს“, - აღნიშნა თემაზე მთავარმა მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

 

მისი თქმით, ევროინტეგრაციის კომიტეტისთვის ეს არის პირველი თემატური მოკვლევა, რომლის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობით განხორციელდეს მოკვლევა. შემუშავებული დოკუმენტი იქნება საფუძველი იმისა, რომ უზრუნველყოს  საპარლამენტო კონტროლის განხორციელება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და ყველა იმ სტრუქტურაზე, რომელიც ჩართული არის რეფორმის განხორციელების პროცესში.

 

„თქვენი მონაწილეობის გარეშე ეს პროცესი ვერ შედგება, ამიტომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენთან ეფექტიანი, აქტიური, ნაყოფიერი, თანამშრომლობის. რაც უფრო სრულყოფილად შევძლებთ ყველა პრობლემის გამოვლენას, მით უფრო შედეგიანი იქნება ჩვენი მუშაობა და მით უფრო სრულყოფილი იქნება ის რეკომენდაციები, რომელსაც საბოლოო ჯამში, შევიმუშავებთ. მაღალი დონის თანამშრომლობის და თქვენი აქტიური ჩართულობის იმედი გვაქვს და ვფიქრობ, ძალიან კარგი საფუძველი არსებობს იმისთვის რომ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებით და ნაყოფიერად დასრულდეს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

თემატური მოკვლევის პირველ საინფორმაციო შეხვედრაზე მოკვლევის მიზნებზე, სამუშაო პროცესზე, სამოქმედო გეგმასა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

 

როგორც საკითხზე მთავარმა მომხსენებელმა თამარ ხულორდავამ აღნიშნა,  „სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ თემატური მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გასაჯაროებულია პარლამენტის ვებ-გვერდზე. მისი თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს, პროცესში მონაწილეობის მსურველს, შესაძლებლობა ექნება თავიანთი წერილობით მოსაზრებები 28 ოქტომბრამდე წარმოადგინონ.

 

„სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ თემატური მოკვლევა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner