logo_geo
eng_logo
ლონდონში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება
- +

20 ოქტომბერი. 2019. 10:19

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა, სადაც “საქართველოს, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ ხელი მოეწერება, რომელიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს. დოკუმენტი თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს და სტრატეგიული პარტნიორებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს ქმნის, ასევე, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

 

 

მათივე ცნობით, “აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან გაფორმებული ეს შეთანხმება რეგიონში პირველი შეთანხმება გახლავთ, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ აამოქმედებს”.

 

 

სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს, საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი, დომინიკ რააბი მოაწერენ ხელს.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანის შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქრისტოფერ პინჩერთან და თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებთანაც გაიმართება.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ლონდონში საქართველოს საელჩოს ეწვევა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალ შენობას დაათვალიერებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში შეისყიდა.
დავით ზალკალიანი შეხვედრებს გაერთიანებულ სამეფოში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გამართავს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner