logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ღრმად მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის აფიშირების გარეშე ხორციელდება
- +

4 ნოემბერი. 2019. 12:58

 

„ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ქართულ „ანტრეპრენერთან“ („Entrepreneur Georgia“) ინტერვიუში განაცხადა.

 

„Entrepreneur Georgia“ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს და საქველმოქმედო საქმიანობით დაინტერესდა და შეეცადა, გაერკვია, სად გადის მისთვის ზღვარი ბიზნესსა და ქველმოქმედებას შორის.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ქველმოქმედებასთან დაკავშირებით მისი ხედვა შოთა რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიას“ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული.

 

„ეს ხედვა მე ათეული წლების წინ ჩამომიყალიბდა და დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა. ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი. მაშინდელი ოპოზიციის ძალისხმევით საჯარო გახდა ის, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა ამ მიმართულებით. თუმცა, ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მან ამის შემდეგ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა ყველაფერი გაცხადდა, ინფორმაციის დაფარვამ აზრი დაკარგა და საზოგადოებას აღნიშნულ პროექტებზე ინფორმაცია პერიოდულად მიეწოდება.

 

„რაც შეეხება ამის შემდგომ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებს, ვინაიდან 2011 წელს ნავსი გატყდა და გაცხადდა ყველაფერი, მათ შესახებ ინფორმაციის დაფარვამ აზრი დაკარგა და მსოფლიოში აპრობირებული ხასიათი მიიღო – გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ამ პროექტების შესახებ. სხვათა შორის, რადგან წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი გახდა ამ ინტერვიუს საბაბი, კარგი დამთხვევაა და გეტყვით, რომ სწორედ წყალტუბოს მკვიდრი და, ალბათ, ყველაზე ცნობილი წყალტუბოელი, ყველასთვის საყვარელი მწერალი, ოტია იოსელიანი გამოეხმაურა ჩემს მაშინდელ პუბლიკაციას ქართულ პრესაში და ძალიან საინტერესო რეაქცია ჰქონდა“, – განაცხადა ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner