logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს გაუჭირდება ოკუპაციასთან გამკლავება
- +

8 ნოემბერი. 2019. 20:53

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინსინგერისა და კონგრესმენ ალექს მუნის საქართველოში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ კონგრესმენები საქართველოში ვიზიტით გამოხატავენ იმ მყარ მხარდაჭერას, რომელიც ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აქვს.  


როგორც მინისტრმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, ვინაიდან მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს გაუჭირდება ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორიცაა ოკუპაცია  და  უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები, ასევე ეკონომიკური განვითარების, ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობა.

 

ზალკალიანის თქმით, კონგრესმენი კინსინგერი და მუნი საქართველოს ერთგული მხარდამჭერები არიან და სწორედ კონგრესმენ კინსინგერისა და კონორის  მიერ იყო ინიცირებული ის უპრეცედენტო და ყოვლისმომცველი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი აქტის სახელითაა ცნობილი და საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას ასახავს.

 

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრისას, განსაკუთრებული აქცენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით აშშ-ის მხარდაჭერაზე გაკეთდა.

საქართველო-აშშ-ის დღის წესრიგში სწორედ ეს ორი მიმართულებაა უაღრესად აქტუალური და ჩვენ გვაქვს მყარი გარანტია, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, რომ ეს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, აუცილებლად გაგრძელდება და  უახლოეს მომავალში თვისობრივად ახალ დონეზე გადავა“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

 

მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა  საქართველო- აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-10 წლისთავზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზეც იმსჯელეს.


მნიშვნელოვანია გაიზარდოს ამერიკული ინვესტიციები და საქართველოში მიმდინარე პროექტებში  ამერიკული კომპანიების ჩართულობა. ამერიკის მხრიდან მივიღე რწმუნება, რომ ეს ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს“, - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner