logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: იყვნენ დეპუტატები, რომლებიც კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ...
- +

14 ნოემბერი. 2019. 16:12

 

 

 

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების ფაქტი მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ გუნდში კანონპროექტთან დაკავშირებით ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

 

„არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ განწყობილი ვიყავით, რომ მოხდებოდა ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. ორი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ იყვნენ დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონის მიღებას. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირებაც იყო, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, მაგრამ მე არ დავასახელებ ახლა მათ სახელებს, ყველაფერი გახდება ცნობილი“, - განაცხადა კალაძემ.

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროპორციულ საარჩევნო სისტემის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტი მმართველ გუნდში ერთპიროვნულად არ ყოფილა მიღებული და მას ხელს 90-მდე დეპუტატი აწერდა.

 

„მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არ ყოფილა საუბარი, რომ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღეთ. 80 თუ 90 მაჟორიტარი დეპუტატი აწერდა ხელს იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მაშინ იქნა წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენი პარტია არის დემოკრატიული. პარტიაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი, რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნება ერთ მოსაზრებაზე, არის განსხვავებული მოსაზრებები. ჩემთვისაც ბევრი რამ არ არის მისაღები. ნამდვილად არ ველოდი თუ ეს არ განხორციელდებოდა, მთავრია გუნდის შენარჩუნება ისევ და ისევ ქვეყნისთვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა და ბოროტ ძალებს არ მიეცეთ საშუალება ქვეყანაში გამოიწვიონ დაპირისპირება“, - განაცხადა კალაძემ.

 

ჟურნალისტების რეპლიკაზე კი, რომ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მოსახლეობა ითხოვს, კალაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა არჩევნების ჩატარების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner