logo_geo
eng_logo
ფატი ხალვაში: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა იზრუნოს მოსახლეობაზე და უმოკლეს ვადაში გადაწყვიტოს ქვეყანაში არსებული გამოწვევები
- +

10 დეკემბერი. 2019. 15:57

 

 

„მიუხედავად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებებისა, ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას და მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ფატი ხალვაშმა პარალმენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატმა  ბათუმის ე.წ. „მუყაოს ქალაქის“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია დეპუტატებსა და საზოგადოებას.

 

მისი განცხადებით, პრემიერმინისტრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა ინიციატივა, რომელიც მუყაოს ქალაქის მცხოვრებთა პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს.

 

„ამ ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი ბავშვისა და  მათი ოჯახებისთვის, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ,  საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. აღიშნულ ტერიტორიაზე მძიმე საცხოვრებელი პირობებია. აქ მცხოვრებთა შორისაა სოციალურად დაუცველი, ეკომიგრანტი და მრავალშვილიანი ოჯახები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი საცხოვრებელი პირობები უმოკლეს ვადაში გაუმჯობესდება, ვინაიდან უკვე გამოცხადებულია ტენდერი. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, რომლებიც 18 თვეში დასრულდება. მშენებლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. 2020 წლისთვის გათვალისწინებულია თანხები, რომლითაც პირველ ეტაპზე 580 ოჯახი მიიღებს ბინას, მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღები და მოეწყობა სათამაშო მოედნები“, - განაცხადა ფატი ხალვაშმა.

 

მისი ინფორმაციით,  არანაკლებ მნიშნელოვანი სიახლეა ბათუმში უეფას სტანდარტების მეოთხე კატეგორიის ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, რომელიც 20000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

 

„ამ ეტაპზე დასრულებულია საფეხბურთო სტადიონის ფასადის სამუშაოები და სტადიონის გადახურვა. დამონტაჟდა გახმოვანებისა და განათების სისტემები, დასკვნით ეტაპზეა შიდასაკომუნიკაციო ქსელებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟი, მალე დაიწყება მინდვრის საფარის დაგების სამუშაოები. ნიშანდობლივია, რომ მშენებლობაზე დასაქმებულია 400-მდე ადამიანი და შექმნილია ახალი სამუშაო ადგილები. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის წევრს, ჩვენს კოლეგას, ბატონ ლევან კობიაშვილს, იგი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი, აქტიურად იყო და არის ჩართული პროექტის განხორციელებაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით არის გაზრდილი. ფაქტია, რომ როდესაც ოპოზიცია ცდილობს, რომ ჩვენს მოქალაქეებს და უცხოელ პარტნიორებს გაუჩინოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის ილუზია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა იზრუნოს მოსახლეობაზე და უმოკლეს ვადაში გადაწყვიტოს არსებული გამოწვევები. ნურავის ექნება ილუზია, რომ პარლამენტში შემოჭრისა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობით დესტრუქციულ მიზანს მიაღწევს და ხელს შეუშლის იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში ყოველდღიურად ხორციელდება“, - აღნიშნა დეპუტატმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner