logo_geo
eng_logo
ლელა ქებურია: ბრალდებაზე თავის მართლება, ჩემი ვალდებულება არ არის
- +

13 დეკემბერი. 2019. 14:16

 

„თქვენ დაასხით სითხე პარლამენტში?“ - ამ კითხვით მიმართა ტელეწამყვანმა დიანა ტრაპაიძემ გადაცემაში „დღის ამბები“ ოპოზიციონერ დეპუტატ ლელა ქებურიას, რაზეც მან შემდეგნაირი პასუხი გასცა:

 

„არ ვარ ვალდებული ამ კითხვაზე პასუხი გავცე, რადგან ამ ბრალდებაზე თავის მართლება, ჩემი ვალდებულება არ არის. ის ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს წარმოადგინოს შესაბამის მტკიცებულებები, რომლის შემთხვევაშიც მზად ვარ გამოძიებას პასუხები გავცე“.

 

ლელა ქებურიამ არც უარყო და არც დაადასტურა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება მან დაასხა.

 

ტელეკომპანია „იმედმა“ და „მაესტრომ“ გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება ამ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაასხეს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, უსაფრთხოების გამო, ტექნიკური შესვენების გამოცხადება სთხოვა.

 

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner