logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან
- +

14 დეკემბერი. 2019. 19:51

 

 

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობას მიეძღვნება.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია:

 

„მივესალმები პირველ რიგში ახალგაზრდებს, ეს თქვენი დღეა. ამ დღის ორგანიზება გააკეთეთ თქვენ. მივესალმები ყველა თაობის წარმომადგენელს. ძალიან კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილიდან, თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა თქვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია საქართველო ევროსაბჭოს წევრია. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ვუთხრათ მადლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ თითოეულ ჩვენს პარტნიორ ქვეყანას უნდა ვუთხრათ მადლობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ყოველთვის ევროპა იყო. აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია. ათასწლეულების წინ, დიდი კოლხეთიდან დაიწყო საქართველოს ევროპული გზა. მაშინ, როდესაც ბერძენმა არგონავტებმა აქ, საქართველოში, კოლხეთში იპოვეს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი და  ღირსეული ნაწილი. მაშინ, როდესაც მე-4 საუკუნეში რომის იმპერიიდან წმინდა ნინომ საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა და მას შემდეგ, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეალი გახდა სწორედ ევროპულ, ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებული ქვეყანა“, - განაცხადა გახარიამ.

 

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს, იყოს ასეთ მდგომარეობაში:

 

„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს ყველას, მაგრამ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც არასოდეს არ  გვქონია ევროპასთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც დღეს, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკურ კონტექსტში. დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში. ეს მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და ჩვენ თითოეულმა ამასთან ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ. ამ ყველაფერს მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არიან ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ გზას. უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს, იყოს ასეთ მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამას გავუძლებთ, გავაგრძელებთ გზას წინ და ჩვენი გზა იქნება საბოლოო გამარჯვება ევროპაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ, ამიტომ თითოეული ჩვენგანის ევროპული გზა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი გზა და ჩვენი ევროპულობა არის ჩვენი წარსული, ჩვენი დღევანდელი დღე და ჩვენი მომავალი. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წარსულით, ჩვენი კულტურით, ჩვენი ტოლერანტობით, რწმენით და ეკლესიით - ჩვენი გზა და ჩვენი საბოლოო გამარჯვება ევროპაშია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ცნობისთვის, 27 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. სტრასბურგში ოფიციალურ ცერემონიაზე საფრანგეთმა საქართველოს სიმბოლური გასაღები გადასცა.

 

დღეს თავისუფლების მოედანზე, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი აქცია-ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გაიმართა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner