logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციას წინადადებას გავაცნობთ
- +

15 დეკემბერი. 2019. 12:43

 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასთან დღეს შეხვედრაზე მმართველი გუნდი მზადაა, არგუმენტები წარადგინოს იმის შესახებ, თუ რა სისტემით შეიძლება ჩატარდეს არჩევნები მრავალმანდატიანი ოლქების პირობებში.

 

„დღევანდელი შეხვედრა მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით არგუმენტების გაცვლას დაეთმობა. როგორ გაგრძელდება დიალოგი, ამას შემდეგ ვნახავთ. შეხვედრის შედეგები იმაზეა დამოკიდებული, რა პოზიციას დააფიქსირებენ მხარეები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მას ელჩებსა და მმართველ პარტიას შორის გამართულ შეხვედრაზეც ჰკითხეს. მისი თქმით, ამაში განსაკუთრებული არაფერია და მიმდინარე საკითებზე იმსჯელეს. დიპკორპუსის წარმომადგენლები 13 დეკემბერს ოპოზიციასაც შეხვდნენ. 

 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ იმართება.

 

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები სწორედ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავდნენ.

 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცე-სპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

 

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner