logo_geo
eng_logo
ზურაბ პოლოლიკაშვილი: საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი პირველი, სადაც ტურისტები მოგზაურობას დაიწყებენ
- +

8 აპრილი. 2020. 02:58

 

 

 

 

"ვფიქრობთ, ტურიზმი იქნება სფერო, რომელიც აღადგენს და დაძლევს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც დღეს გვაქვს" - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„სიტუაცია არის ძალიან რთული, მაგრამ არა - უიმედო. ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით თითოეულ რეგიონს, გვაქვს ურთიერთობა რეგიონების ლიდერებთან და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ იმას, რომ ტურიზმი იქნება სფერო, რომელიც აღადგენს და დაძლევს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც დღეს გვაქვს. ახლა მადრიდში ვარ. როგორც იცით, ესპანეთი არის ერთ-ერთი პირველი, ვისაც ყველაზე დიდი ზიანი მიადგა კორონავირუსის გამო. საავადმყოფოები ვერ აუდიან პაციენტების მიღებას და ეს ართულებს ვითარებას, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაუმკლავდნენ გამოწვევას", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, დღევანდელ შოკურ პერიოდში UNWTO-ში ჩამოყალიბდა გრძელვადიანი კრიზისული კომიტეტი, რომლის ძირითადი გეგმა და ამოცანაა, შეიმუშაოს მოკლე და გრძელვადიანი კრიზისული გეგმები. პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ ერთი თვის თავზე მზად იქნება პოსტკრიზისული გეგმა.

 

 

ამასთან, UNWTO-ს გენერალური მდივანის ინფორმაციით,  ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაეგზავნა რეკომენდაციები, რომელიც უნდა შეასრულოს.

 

 

„მსგავსი ტიპის კრიზისი ტურიზმის სექტორს არ ჰქონია, თუმცა კრიზისები იყო და ტურიზმმა დაადასტურა, რომ შესაძლებელია, ყველაფერი მოკლე პერიოდში აღდგეს. აუცილებლად იქნება განსახორციელებელი ინვესტიციები ქვეყნების მხრიდან, რომ თავიანთ ტურისტულ მიმართულებებს გაუკეთონ რეკლამირება. ბევრი ადამიანი მოერიდება მოგზაურობას, თუ ისინი არ იქნებიან დაცულები, საკმაოდ ძლიერი ჯგუფი მუშაობს ამაზე და დავდებთ სახელმძღვანელოს, სადაც კონკრეტული ნაბიჯები იქნება გაწერილი“, - აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

 

 

რაც შეეხება საქართველოს, პოლოლიკაშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან დროული და ეფექტური იყო.

 

 

„კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ალბათ, პირველი ეტაპი იქნება ადგილობრივი ტურიზმი. დაიწყება ქვეყნის შიგნით მოგზაურობა და სწორედ ამაზე იქნება აგებული ალბათ მენტალური წნეხის გადალახვა. რაც შეეხება საქართველოს, მე თავიდანვე ვუყურებდი იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა და მთავრობა ახორციელებდა. ნაბიჯები იყო ძალიან ეფექტური; საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მცირეა. რაც შეეხება ქართულ ტურიზმს, პირველი, რაც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც მთავრობა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აძლევს. ძალიან მალე, საქართველო შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მოწინავე და პირველი ქვეყანა, სადაც ტურისტები დაიწყებენ მოგზაურობას. შეიძლება ისტორიულიც აღმოჩნდეს UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარება თბილისში“, - აღნიშნა მან.

 

 

ცნობისთვის: 2020 წლის ივნისში საქართველო ტურიზმის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უმასპინძლებს. სხდომას საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე მინისტრი და 300 დელეგატი დაესწრება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner