logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ყოფილი ხელისუფლების მიერ კონსტიტუცია ისე იცვლებოდა და იკერებოდა ერთი პირის ნება-სურვილზე, რომ ამას არავის ეკითხებოდნენ
- +

21 მაისი. 2020. 17:56

 

 

„ჩვენ მოვისმინეთ არაერთი შენიშვნა, განსაკუთრებით ცალკეული ოპოზიციური ძალებისგან. ყოფილი ხელისუფლების მიერ კონსტიტუცია ისე იცვლებოდა და იკერებოდა ერთი პირის ნება-სურვილზე, რომ ამას არავის ეკითხებოდნენ და ეს ყველაფერი ხდებოდა ყოველგვარი ტესტებისა და ცენზების გარეშე. დღევანდელი მოცემულობა კარგად ესმის ოპოზიციურ სპექტრსაც და კარგია, რომ ეს განხილვები ხდება, კარგია, რომ ამ შენიშვნებს ჩვენ პასუხებს ვცემთ, რადგანაც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანონპროექტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“, კონსტიტუციურობის ტესტი გაიარა. მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტი არ იქნა განხილული იურიდიულ საქმეთა ან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში და ამით არასწორი პროცესები წავიდა, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგანაც ორივე კომიტეტი მონაწილეობდა საკომიტეტო განხილვის პროცესში, შენიშვნები გამოთქვა, რაც შესაბამისად, აისახა კანონპროექტში.

 

„კანონის კონსტიტუციურობის ტესტი გულისხმობს ე.წ. სამწვეროვან შემოწმებას, რომელიც მგომარეობს შემდეგში: კანონი უნდა იყოს ლეგიტიმური, ანუ შეზღუდვა, რომელზეც არის საუბარი უნდა იყოს კანონში გათვალისწინებული, კანონი უნდა იყოს პროპორციული, შესაბამისად, შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული და ადეკვატური და უნდა არსებობდეს აუცილებლობა იმის, რომ სწორედ ეს ზომები იყოს გამოყენებული. ეს არის კონსტიტუციურობის ტესტი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში პრაქტიკიდან გამომდინარე არის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში და ზუსტად მივუთითოთ, თუ რას ეხება დღევანდელი ჩვენი განხილვა და რომ ეს კანონპროექტი, რა თქმა უნდა, არ არის ანტიკონსტიტუციური, რადგან სამივე მოცემულობას, ამ ტესტის სამივე პრინციპს აკმაყოფილებს.

 

გუშინ ეს საკითხი განხილული იქნა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე. განხილვას  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარე და მოადგილე ესწრებოდნენ და ჩვენ შენიშვნები გამოვთქვით კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გადაგზავნილი ჯანდაცვის  კომიტეტისთვის და ის აისხა კანონპროექტში, რომელსაც დღეს პირველი მოსმენით ვიხილავთ.

 

კერძოდ, მე-12 მუხლის 11 პუნქტი, რომელიც არ არსებობდა კანონპროექტში, გაჩნდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შენიშვნების შემდგომ, რომელიც კონკრეტულ მითითებას აძლევს ხელისუფლებას თუ როგორ და რის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. ეს თავისთავად განაპირობებს ამ კანონპროექტის კონსტიტუციურობას. ეს არის ის, რომ საკარანტინო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს საკარანტინე მიზანს, უნდა იყოს ამ მიზნის მისაღწევად გამოსადეგი და ის აუცილებელი საშუალება, რომელიც კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში არის აუცილებელი არსებული პრობლემის დასაძლევად“, -განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

მისივე განცხადებით, ხელისუფლებისთვის  უმთავრესი და ამოსავალი წერტილი არის  მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელსაც უშუალოდ ემსახურება სწორედ ეს კანონპროექტი. ამავდროულად ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი არის საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც მალე დაიწყება საქართველოში და რომლის განხორციელებაც შეუძლებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

 

„ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა გვქვს, რომლის მიღწევასაც ახორციელებს ერთი მხრივ ეს კანონპროექტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე იქნება ფოკუსირებული და მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტს ეძლევა სრული შესაძლებლობა შეასრულოს ის შეთანხმება, რომელიც იქნა აღებული საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და განახორციელოს ადეკვატური ცვლილებები როგორც საქართველოს კონსტიტუციაში, ასე საარჩევნო კანონმდებლობაში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner